არასრულწლოვნის გაუპატიურება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლის შემადგენლობიდან ცალკე გამოიყოფა და მისი ცნების მოდიფიცირება ხდება. აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას.
ცვლილების მიხედვით, არასრულწლოვნის გაუპატიურებად ჩაითვლება – დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 12 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას, სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით; დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თორმეტ წელს მიღწეული, თუმცა 18 წელს მიუღწეველი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია, რომელიც განმარტავს, რომ ცვლილებების მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ გარკვეულ ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისას ავტომატურად უნდა გამოირიცხებოდეს დამნაშავის მხრიდან დაზარალებულის თანხმობაზე აპელირების შესაძლებლობა და იმის მტკიცება, თითქოს სახეზე იყო არა გაუპატიურება, არამედ ნებაყოფლობითი აქტი, ან სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.
„საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა მცირეწლოვნის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით მის გაუპატიურებას, დღეს მოქმედი რეგულაციით დამოკიდებულია იმაზე, ჩაითვლება თუ არა დაზარალებული უმწეო მდგომარეობაში მყოფად, რაც დგინდება ექსპერტიზის საფუძველზე. ასეთი მიდგომა სათანადოდ ვერ იცავს მცირეწლოვან ბავშვებს და ხშირად იწვევს მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას, რადგან მათ უწევთ იმის მტკიცება, რომ გარეგნულად გამოხატული თანხმობის მიუხედავად, ვერ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და რეალურად არ იცოდნენ, რა ქმედებას განახორციელებდა პირი მათთან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე და არა ყოველ კონკრეტულ საქმეზე ექსპერტიზის მეშვეობით, განმტკიცდეს გარკვეული ასაკი, რომლის ქვემოთაც ნორმატიულად გამორიცხული იქნება დაზარალებულის თანხმობაზე აპელირება და ასეთი ქმედება ავტომატურად ჩაითვლება გაუპატიურებად. სასამართლო პრაქტიკისა და აშშ-ს კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, ასეთ ასაკობრივ ზღვრად მიჩნეულია 12 წელი. გასათვალისწინებელია, რომ 12 წლის ასაკს მიღწევის შემდეგაც არ გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც პირი შეიძლება სიტყვიერად თანხმობას აცხადებდეს სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე, თუმცა რეალურად ვერ აცნობიერებდეს თავისი ქმედების შედეგებს და არ იყოს გათვითცნობიერებული ასეთი აქტის არსში. შემოთავაზებული ცვლილება არ გამორიცხავს ასეთი ქმედების გაუპატიურებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში, უკვე დღეს მოქმედი წესის მსგავსად, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადასტურდეს პირის თანხმობის არარელევანტურობა და მისი უმწეო მდგომარეობაში რეალურად ყოფნის ფაქტი“, – განმარტავს კომიტეტი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, იცვლება არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დადგენილი სანქციის ოდენობაც. კერძოდ, ძირითადი შემადგენლობისთვის გათვალისწინებული იქნება – თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო მაკვალიფიცირებელი შემადგენლობისთვის – თავისუფლების აღკვეთა 17-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ცვლილების თანახმად, 12 წლამდე პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ყოველთვის ჩაითვლება გაუპატიურებად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 12 წლამდე პირი, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება იმავდროულად იმყოფებოდეს უმწეო მდგომარეობაშიც. ასეთი შემთხვევა კანონპროექტის მიხედვით დაკვალიფიცირდება არა 137 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, არამედ მე-3 ნაწილით, სადაც ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია, მათ შორის, დაზარალებულის უმწეობის გამოყენება. ამ მუხლთან მიმართებაში კანონპროექტში დაზუსტებულია, რომ 12 წლამდე პირის მიმართ ზემოთ აღნიშნული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის დაზარალებულზე სულ მცირე სამი წლით უფროსია. აღნიშნული სამწლიანი სხვაობა გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სახეზე არ არის ისეთი დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა ძალადობა, ძალადობის მუქარა ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენება.
წყარო: 1tv.ge