,,აბსოლუტური სიმდაბლე, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები,“ – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას.
,,ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. საცხოვრებელ კორპუსებზე, ზუსტად შუაღამისას. ჩვენ უკვე ვიცით 12 დაღუპულის შესახებ. საავადმყოფოში 49 დაშავებულია, მათ შორის 6 ბავშვია.
აბსოლუტური სიმდაბლე, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. ვინც ეს ბრძანება გასცა, ვინც ამ ბრძანებას ასრულებდა ყველა პასუხს აგებს, აუცილებლად, კანონის წინაშე და ხალხის წინაშე,“ – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, რომელსაც მშვიდობა არ სურს.
,,უკრაინას არასდროს უნდოდა ეს ომი. უკრაინამ არაფერი გააკეთა მისი პროვოცირებისთვის. საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც მშვიდობა არ სურს, ტერორისტულ სახელმწიფოსთან,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ცნობით, გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. პირველადი მონაცემებით, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ქალაქ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაიყვანეს 49 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვია. დაშავებულთაგან 35-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
ავტორი