ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა, ჯონ კირბიმ ABC-ის გადაცემა This Week-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ–ს დამატებით ცნობები არ აქვს.
თეთრი სახლის პრეს–სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ორივე მხარეს სჭირდება, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ მხრივ არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა.
,,გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურად ვუკავშირდებით უკრაინელებს და მათ შეიარაღებას გავაგრძელებთ. ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს დასამატებელი. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ომი ბატონმა პუტინმა დაიწყო და თავისი ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანით, მისი დღესვე დასრულება შეუძლია.
პირიქით, ასობით ათასი რეზერვისტის გამოძახებითა და უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობით მან საპირისპირო აჩვენა“, – თქვა კირბიმ.
კირბი ასევე გამოეხმაურა გასულ კვირას, აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვას, სადაც ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, აშშ–ს პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი “არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება“.
,,პრეზიდენტი ასახავდა იმ ძალიან მაღალ ფსონებს, რომლებიც ახლა თამაშშია… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ბირთვულ ძალასა და მის ლიდერზე, რომელიც მზადაა, გამოიყენოს უპასუხისმგებლო რიტორიკა ისე, როგორც ამას ბატონი პუტინი აკეთებს“,– აღნიშნა კირბიმ.
ავტორი