გურიაში თხილის სეზონი მიიწურა და „ნაგერას“ ან ველურა თხილის მოიმედეებიც ნაკლებად ჩანან ქალაქში, ამჯერად ცელოფნებით ხელში. თითოეულს სამიოდე კილოგრამი თხილისთვის თუ ექნება თავი მოყრილი.
სამაგიეროდ წინა პლანზე წაბლის ბაზარმა წამოიწია, ესეც ფასების ახლებური დიფერენცირებით.
_რა ღირს და ჯერ ის თქვი, რომლის ფასი გაიტერესებს, წითელის, წაბლაფერის თუ შავის? –კითხვას აქეთ გვისვამენ იმერეთიდან წაბლის საყიდლად ჩამოსული მიკროავტობუსების მეპატრონეები.
–ეგ როგორ გავიგოთ?
_რა გაგება მაგას უნდა, წითელი ფერის, გადარჩეული, წვრილები არ უნდა ერიოს, ერთი კილოგრამი ღირს სამი ლარი. წაბლა, აი, ზოგადად წაბლის ფერს რომ მოგაგონებს, – 3,50 ლარი, ხოლო ისე მუქი რომ არის, შავი რომ გეგონება, ერთი კილოგრამი 4 ლარი ღირს, _ სხაპასხუპით გვაცნობენ ფასებს.
ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც თხილის მიმღებ პუნქტებში მუშაობენ, ახლა წაბლის რეალიზაციით არიან დაკავებული და სხვადასხვა ფასებს აცნობენ წაბლის ტომრებით მოსულ გურულებს.
_ახლა, ერთი გაბზარული არ შემარჩინოთ. თხილსაც ასე ახარისხებთ მთელი სეზონის მანძილზე, _აყვირდა ერთ–ერთი ქალბატონი სასტუმრო „გურიას“ მიმდებარედ განთავსებულ პუნქტთან.
_კი, ბატონო თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამა. აბა, რაფერ, – პასუხი არ დააგვიანა მიმღებმა.
როგორც აქ ამბობენ, შესაძლოა, წაბლის ფასი დღის მეორე ნახევარშიც შეიცვალოს. ოღონდ, ეს ზრდისკენ იქნება მიმართული თუ კლებისკენ, არავინ იცის.
ავტორი