პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც სექტემბერში, ოზურგეთში, 23 წლის გიგა როყვა მოკლა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. იგი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.