თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა.
„არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც. უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით… ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“,- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ, რომლის თქმითაც, დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.
22 ოქტომბერს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაღიძის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, აფეთქება 22 ოქტომბერს დაახლოებით 11:30 საათისთვის მოხდა.
“რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო ერთი ადამიანი, სულ სისხლი სდიოდა”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
წყარო: რადიო თავისუფლება