„ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორი ელისო კილაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან cnews-თან ინტერვიუში განაცხადა.
_რამ შეიძლება დააჩქაროს თქვენი ნაბიჯები და პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება?
_ ომმა, თუ რუსები უკვე ფიზიკურად დააპირებენ ქვეყანაში შემოსვლას. რეალურად, ჩვენ ისედაც ომში ვართ. ყოველდღიურად მენტალური, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიური, ჰიბრიდული ომია. ხომ ნახეთ, რამდენმა ადამიანმა გამოამჟღავნა საკუთარი თავი, რომლებიც ჩუმად იყვნენ და ელოდებოდნენ თავის დროს და რუსული ნარატივების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას. იცით, რამდენი ადამიანია კიდევ, რომელიც თადარიგს იჭერს და ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ არ მოსულა დრო, როცა ასე საჯაროდ უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიციები. მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხოთ ის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში იქნება ძალიან წარუმატებელი და რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება, უკრაინაში რუსეთი ამ ომს აუცილებლად წააგებს, სხვა ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ ის შეეცდება, რომ საქართველოში არა მენტალურად, არამედ ფიზიკურად, ტანკებისა და იარაღის გამოყენებით შემოვიდეს. ამას წინათ იყო საუბარი იმაზე, რომ შენგენის ქვეყნებში ვიზები კეთდება იქ ყოფნის 2-წლიანი გარანტიით. მე მითხრეს, რომ თუ გინდა, პასპორტი გამოგვიგზავნე და ამას გაგიკეთებთო. რაღაც პერიოდი ვიფიქრე, რომ ხომ არ გავაკეთო-მეთქი, რადგან ხომ შეიძლება, 3 თვეზე დიდი ხნით მოგინდეს სადმე წასვლა და საზღვრის კვეთები არ იყოს, მაგრამ არა, არსად წავალ, არც ერთ შემთხვევაში, არც ფიზიკური ომის და არც ჰიბრიდული ომის პირობებში, იმიტომ, რომ ამ საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც მას მოუსმენენ, მათ გაჭირვებას გულთან მიიტანენ, გაიზიარებენ და მათ დასახმარებლად რაღაცებს გააკეთებენ. ამიტომ ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება 2024 წლამდე პოლიტიკაში ჩემი მოსვლის გადაწყვეტილება დააჩქაროს, ეს იქნება ომი.
_ 2024 წელი _ ეს არის თარიღი, როცა უკვე პოლიტიკაში აქტიურად შემოხვალთ?
_ ვფიქრობ, 2024 წელი არის თარიღი, როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკაში ღიად და აქტიურად ჩავერთო.
_ დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება აჟიოტაჟი.
_ მარტივი რეცეპტი მაქვს ასეთი ადამიანებისთვის: სტაფილოს წვენიც შველის და ცივი წყალიც უფასოა. (იცინის)
_ ვინ იქნება თქვენს გუნდში, – ამ ეტაპზე თუ გაქვთ ამაზე კონსულტაციები?
_ არანაირი კონსულტაციები არ მაქვს, _ ძალიან რთული 10 წელი გავიარე „ქართული ოცნების“ პირობებში და არასდროს ვყოფილვარ, ჩემი მეგობრების გარდა, სხვა ადამიანების იმედად. არც პოლიტიკური აქტივისტებისა და არც პოლიტიკური პარტიების ლიდერების იმედი არ მქონია. მეტიც: როცა ჩემი შვილი დაიჭირეს, ძალიან ცოტა პოლიტიკოსმა გააკეთა საჯარო განცხადება, ესენი იყვნენ: შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დათო კირკიტაძე და ნიკა მელია, სხვები არ ყოფილან. არც არასამთავრობო სექტორი, ელიტარული „კუტოკი“,ადამიანებთან კომუნიკაცია რომ შექმნეს _ იმათაც შერჩევითი პროტესტები აქვთ. სახალხო დამცველის გარდა, არავის გაუკეთებია განცხადება. მაშინ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო, რომელმაც საოცარი პოზიცია დაიჭირა, უპრინციპულესი, არ შეეგუა არავის დედამიწის ზურგზე. არავინ ყოფილა ჩემთან ერთად და ჩემ გვერდით, ამიტომ ზუსტად ვიცი, ომში ვისთან ერთად წავალ და ზუსტად ვიცი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში გამომყვებიან ბოლომდე და არ მიმატოვებენ.
_ იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები?
_ მათ შორის იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეებიც. პარტიის სახელი მოფიქრებული მაქვს და თავის დროზე ვიტყვი; კონცეფციაც შევიმუშავე, მაგრამ ის, რომ ვიჯდე და დღე და ღამე ამაზე ვფიქრობდე, ასე არ არის. ეს გახლავთ ბუნებრივი პროცესი, რომელიც ლოგიკურად მივა თავის ფინალამდე. 2013 წლის გაზაფხული იყო, როცა ბრძოლა დავიწყე. „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს ვიცნობდი, ყველასთან მქონდა პირადი კომუნიკაცია, მათ შორის, სატელეფონოც. ძალიან მარტივად შემეძლო მომეპოვებინა თანამდებობა, ბიზნესი, ფული, კეთილდღეობა და ა. შ. იცით, როგორ დავიწყე? _ ჩემთან მოვიდა რუსთავის მერის ძმა, ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც მითხრა, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაწყვიტა, მას 15 მილიონი დოლარი „აახიოს“. რა უნდა მექნა? უნდა ამერჩია ჩემი კეთილდღეობა და სიკეთეები, თუ ამ ადამიანს უნდა დავხმარებოდი? რასაკვირველია, უნდა დავხმარებოდი. ეს ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთი ამ ქვეყანაში, ის არის პრემიერი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე 19-ჯერ მახსენა. „რუსთავი 2-ც“ კი, რომელიც მაშინ იყო მთავარი ოპოზიციური არხი, ვერ ბედავდა შეკითხვის დასმას, პრესკონფერენციებზე მე არ მიშვებდნენ და ჩემზე დაყრდნობით ნათია გოგსაძემ ჰკითხა ნაცვლიშვილის თემაზე. მახსოვს ივანიშვილის ფრაზები: „ელისო კილაძემ რომ თქვა, ნაცვლიშვილი უნდა გადავაყენოთ, ამიტომ უნდა გადავაყენოთო?“ თუმცა მაინც გადააყენა და ახლა საერთოდ გაქცეულია ქვეყნიდან ნაცვლიშვილი. მე ყოველთვის გამოვდივარ არა ჩემი პირადი დამოკიდებულებიდან ან ინტერესებიდან, არამედ იქიდან, თუ როგორ სჯობს ამ ქვეყნისთვის, თუნცდა იგივე „ქართული ოცნებისთვის“. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, ეს ფაქტები იყოს შემოწმებული და ამიტომ მოჰყვება ხოლმე ამ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება, რომ იქ არ დევს პირადი ინტერესი და მოგონილი ფაქტები, ზღაპრები. ვერ ვიქნები გელა ზედელაშვილი, რომელსაც მიუტანენ გამზადებულ ტექსტს და ის ტექსტი უნდა გამოაქვეყნოს თავისი სახელი და გვარით. ვერც ის ვიქნები, ვისაც ეტყვიან, ეს უნდა დაწეროს ან არ უნდა დაწეროს. ეს საკმაოდ რთული გზა იყო, არ იყო მარტივი და მაშინაც ვთქვი, რომ არ არსებობს ბუნებაში კომპრომატი, რომელიც უკან დამახევინებს და ჩემს პრინციპებზე უარს მათქმევინებს. ასე იქნება პოლტიკაშიც, _ არ არსებობს კომპრომატი, რომელიც შემაცვლევინებს ჩემს პოზიციას. რა თქმა უნდა, რაღაცები გამითვალისწინებია, ყოფილა შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, 2 თუ 3, როცა სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესები ვარჩიე სკანდალს, რომელიც საკმაოდ დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ასე მივიჩნიე საჭიროდ და ყოველ ჯერზე ასე მოვიქცევი! როგორც კი ერთი მხრივ იქნება სახელმწიფო ინტერესი და მეორე მხრივ ჟურნალისტური სკანდალი, ყოველთვის ავირჩევ სახელმწიფო ინტერესებს, იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში, _ „ქართული ოცნება“ თუ ვინმე სხვა.
ვრლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე.