დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავს შვედეთის ელჩი ეწვია. ელჩმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა ხიდისთავის ახლად გაკეთებული გასართობი პარკი, გაეცნო იქ ჩატარებულ სამუშაოებს, გაესაუბრა შეკრებილ ხალხს და მოისმინა მათი აზრი. სკვერის გახსნის შემდეგ გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.
ელჩი, ასევე, იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სადაც დაესწრო „ბიობლიცის“ კონკურსს და დაჯილდოვებას.
„ბიობლიცში“ მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. პირველ ეტაპზე, ჩატარდა გასვლითი ღონისძიება, სადაც, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ გურიის ბიომრავალფეროვნებას, მოესმინათ ინფორმაცია გურიის ეროვნული პარკის გეგმარებით ტერიტორიაზე არსებული იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
კონკურსში მონაწილეობდნენ ხიდისთავის, ზოტის, ქვაბღის, ჩხაკაურისა და ნაბეღლავის საჯარო სკოლები.
დასკვნით შეხვედრაზე, კონკურსის მონაწილეებმა ჟიურის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს იშვიათი ფლორისა და ფაუნის შესახებ მომზადებული ნაშრომები.
პირველი ადგილი _ ნაბეღლავის საჯარო სკოლა;
მეორე ადგილი _ ქვაბღის საჯარო სკოლა;
მესამე ადგილი _ ჩხაკაურას საჯარო სკოლა.
მოსწავლეებს გადაეცათ ჯილდოები, რომელიც შვედეთის ელჩმა, მათ თავად გადასცა.
შვედეთის ელჩის სტუმრობასთან და პარკის გახსნასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ:
„დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს შვედეთის ელჩი სტუმრობდა. ჩვენ მოვინახულეთ ხიდისთავში შვედეთის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც შეეხებოდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონების ჩამოტანას და დამონტაჟებას, რომელიც ძალიან ლამაზია და დამერწმუნებით, რომ ძალიან მოუხდა ახლად რეაბილიტირებულ პარკს.
ჩვენ, ელჩთან ერთად ვისაუბრეთ სამომავლო ხედვებზე და საგრანტო პროგრამებზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ჩოხატაურისთვის, ასევე, ვისაუბრეთ შვედეთის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრებაზე ჩოხატაურთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ პოლონეთის ქალაქებთან, ლიეტუვის ქალაქებთან და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ შვედეთის ერთ-ერთ ქალაქთანაც დამეგობრდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული პარკის შექმნის იდეა, რომელიც ჩოხატაურისთვის უაღრესად მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამას მნიშვნელობას კიდევ უფრო ანიჭებს ის ფაქტი, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები, გვექნება დაცული ტერიტორია, რომელიც იქნება ძალიან მოვლილი და გალამაზებული”.
მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვება მიულოცა გამარჯვებულ მოსწავლეებს.
„მინდა, გამარჯვება მივულოცო ნაბეღლავის საჯარო სკოლას. იმ სკოლებს კი, რომლებმაც ვერ მოიპოვეს საპრიზო ადგილები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს ექსკურსიას კინტრიშის ნაკრძალში“, _ თქვა დავით შარაშიძემ.
ღონისძიება გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია პროგრამის შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მომავალში მათი ჩართულობის გაზრდა. პროექტს “გურიის ეროვნული პარკის დაარსება” ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭირდო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორი: მარიამ ცენტერაძე