საქართველოში, ბოლო რვა წლის მონაცემებით, 186 ქალი მოკლეს. ხშირად გავიგებთ მედიის საშუალებით, რომ ქალების უფლებები ირღვევა, როგორც სახლში, ასევე სამუშაო ადგილას.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტ იზი კასრელიშვილთან.
_ იზი, პირველ რიგში, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ზოგადი კითხვით რომ დავიწყოთ, რა გამოწვევების წინაშე არიან ქალები დღეს?
_ საქართველოში ქალები, მათი უფლებებით თავისუფლად სარგებლობისთვის, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. მომეტებულად დისკრიმინაციულ და გენდერულად სტერეოტიპულ გარემოში, ყოველდღიურად, ქალებს საკუთარი თავის დამკვიდრების, რეალიზების, თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობის, ასევე, ძალადობისგან დაცვისთვის და, ზოგჯერ, გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.
დღის წესრიგში მწვავედ დგას ქალების უსაფრთხოებისა და ძალადობისგან დაცვის საკითხი. ჩვენს სახელმწიფოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გავრცელების მაჩვენებელი ნათლად წარმოაჩენს მათი დაცვის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებას. ერთი მხრივ, გამოწვევაა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პრევენცია, ხოლო, მეორე მხრივ, ძალადობის ფაქტების სათანადო გამოვლენა, ეფექტიანი რეაგირება და მსხვერპლის დაცვისა და დახმარების მექანიზმების ფუნქციონირება. ქალებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ასევე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფისთვის.
_ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო 8 წლის მონაცემებით, 186 ქალი მოკლეს. რას ფიქრობთ, როგორ უნდა შევაჩეროთ მკვლელობის სერია და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიამ.
_ დღესდღეობით, სახელმწიფოში, ძირითადად, რეაგირებასა და დასჯაზე მიმართული პოლიტიკა მოქმედებს. ქალთა მკვლელობების სერიის შესაჩერებლად კი კრიტიკულად აუცილებელია, სახელმწიფომ პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკა დანერგოს. ფემიციდის პრევენცია, უკვე წლებია, სახელმწიფოსა და საზოგადოების უკიდურესად მტკივნეული საკითხია. არსებული მდგომარეობა და ქალთა მკვლელობების სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადად წარმოაჩენს, რომ პრევენციის ერთიანი პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ გვაქვს.
ქალთა მკვლელობების პრევენციას ბევრი კომპონენტი აქვს, მათ შორის, აუცილებელია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის დღის წესრიგში, მათ საჯარო განცხადებებში ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობდეს. მოძალადეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფოსთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის პრიორიტეტი, არ არის შეწყნარებული და მათი ქმედება პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩება. აუცილებელია იდენტიფიცირდეს ყველა უწყება, რომელსაც ფემიციდის პრევენციაში წვლილის შეტანის პასუხისმგებლობა აქვს და თანმიმდევრულად და კოორდინირებულად დაიწყოს ინტენსიური მუშაობა მოსახლეობის დამოკიდებულებების შეცვლაზე, განათლებაზე, ქალების გაძლიერებაზე, მოძალადეთა ქცევის კორექციაზე და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვმუშაობთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ბრძოლის მიმართულებით. არაერთი ორგანიზაცია ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას ძალადობის მსხვერპლ ქალებს. აუცილებელია, მუდმივი ინტერესის საგანი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსის გაზრდა და გაძლიერება ამ მიმართულებით, ამასთან, ქალებისთვის კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გაწევის პარალელურად, განსაკუთრებით, ამგვარ კრიტიკულ პერიოდებში, არასამთავრობო სექტორმა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ სახელმწიფოს მუშაობაზე დაკვირვება და სისტემურ ხარვეზებთან ბრძოლა.
რაც შეეხება მედიის როლს, მნიშვნელოვანია, მედიის ინტერესის საგანი ასევე იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა. მედიის მხრიდან საკითხზე ყურადღების სწორად გამახვილება მნიშვნელოვანი მესიჯია საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალისებს ძალადობის ფაქტებზე მომართვიანობას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედიის მხრიდან ფაქტების გაშუქებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მსხვერპლის ინტერესები, მათ შორის, კონფიდენციალურობის საკითხი, რათა მსხვერპლს დამატებითი ტრავმა არ მიადგეს.
_ კიდევ ერთი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი _ როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტი ხდება მეზობლების უმეტესობა არ უკავშირდება პოლიციას, რას ფიქრობთ, აღნიშნულთან დაკავშირებით? რა განაპირობებს ამ მოცემულობას?
_ ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, კვლავ ღრმად აქვს გადგმული ფესვები მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობა არის მხოლოდ ოჯახის საქმე, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი არ თვლის, რომ ოჯახში, თუნდაც ძალადობის შემთხვევაში, უნდა ჩაერიოს. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ გარკვეული პროგრესი შეინიშნება და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის აქტუალურობამ განაპირობა, რომ მოსახლეობა მასობრივად აღარ ფიქრობს ამგვარად. მნიშვნელოვანი წინაღობა, რის გამოც მეზობლები თავს იკავებენ ოჯახში ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისგან, არის მოძალადისა და სიტუაციის გამწვავების შიში. მეზობელი, რომელმაც ოჯახში ძალადობის შესახებ იცის, თვლის, რომ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ის და მისი ოჯახის წევრები შესაძლოა მოძალადის შურისძიების ადრესატებად იქცნენ. ამ შიშს, რიგ შემთხვევებში, მოძალადის დაუსჯელობის განცდა ამძაფრებს.
მეზობლები ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება იყოს. ამ მოცემულობის მისაღებად, აუცილებელია, ერთი მხრივ, ინტენსიურად ვიმუშაოთ მოსახლეობის ცნობიერებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფომ მოწმეთა დაცვის გარანტიები შექმნას და ადამიანებს გაუჩნდეთ რეალური განცდა იმისა, რომ ძალადობის ფაქტის შეტყობინებას უშუალოდ მათთვის ნეგატიური შედეგები არ მოჰყვება.
_ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციაა, წლის განმავლობაში რამდენ საქმის წარმოება გიწევთ ქალთა უფლებების დასაცავად და კონკრეტულად ,იქნებ მოგვიყვეთ, რა სახის ფაქტებზე მუშაობთ?
_ „უფლებები საქართველო“, არაერთი წელია, ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რა კუთხითაც ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს, სწორედ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა.
ჩვენი ორგანიზაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში ქალების უფლებების დაცვისა და მათი მხარდაჭერის მიზნით სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს. სტრატეგიული სამართალწარმოება გულისხმობს და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე საქართველოში ჩამოყალიბებული მანკიერი პრაქტიკის შეცვლას, სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, სექსუალური და სხვა ძალადობრივი, ასევე, გენდერულად მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას ყოვლისმომცველი სამართალწარმოების, სახელმწიფოში არსებული ვითარებისა და გამოწვევების სიღრმისეული ანალიზის, სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ცნობიერების ამაღლების გზებით.
„უფლებები საქართველო“ თბილისსა და სამართლებრივი დახმარების რეგიონულ ცენტრებში – თელავში, ჭიათურაში, ამბროლაურში და ახალციხეში არსებული წარმომადგენლობის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას გენდერის ნიშნით და ოჯახში ძალადობის საქმეებზე უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს.
_ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები საუბრობენ კანონის გამკაცრებაზე, იმისათვის, რომ მოძალადე ადამიანები უფრო მკაცრად დაისაჯონ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული მიდგომა?
_ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ მოძალადის პასუხისმგებლობის სათანადო მექანიზმების, ასევე, ძალადობის ფაქტებზე სათანადო კანონმდებლობისა თუ სანქციების არსებობაა. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ რეაგირებასა და პასუხისგებაზე მიმართული პოლიტიკა ვერ მოგვცემს იმგვარ განგრძობით შედეგებს, რომ ძალადობის შემდგომი, მათ შორის, ისეთი უკიდურესი ფორმა, როგორიც ქალთა მკვლელობაა, სათანადოდ დავაზღვიოთ. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტული უნდა იყოს პრევენციის სათანადო პოლიტიკის შემუშავება და აღსრულება, რაც, დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
_ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს დღევანდელი მიდგომა მოძალადეების მიმართ რამდენად მართებულია და რამდენად არის მიმართული დასჯის გარდა პრევენციისკენაც, რამდენად მიმდინარეობს ასეთ ადამიანებთან მუშაობა ქცევის კორექციის მიმართულებით და მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა რამდენად უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას?
_ სახელმწიფოს მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ სუსტია. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ორგანოებს არ აქვთ სისტემური მიდგომა და კოორდინირებული პოლიტიკა, რათა ქალზე ძალადობის უკიდურესი ფორმის – ფემიციდის შემთხვევები შემცირდეს. მხოლოდ მოძალადის დასჯაზე მიმართულ მიდგომას, რომელიც დროებითი ხასიათისაა, ვერ ექნება განგრძობითი ეფექტი ძალადობის შემდგომი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. დიდია ალბათობა, მოძალადემ ასეთ შემთხვევაში განაგრძოს მსხვერპლზე ძალადობა და, სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა პირმა კვლავ განაგრძო ქალზე ძალადობა.
ძალადობის შემდგომი ფაქტების პრევენციის მნიშვნელოვანი კომპონენტია მოძალადის ქცევისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე ეფექტიანი მუშაობა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა სათანადოდ არ ფუნქციონირებს და პასუხისმგებლობის მექანიზმების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მსხვერპლს ძალადობის მიმართ ისევ მოწყვლად მდგომარეობაში აბრუნებს.
_ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ისეთ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლის არსებობას ფემიციდის სახით და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა აღნიშნული საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით?
_ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გენდერის ნიშნით ქალთა მკვლელობას პასუხისმგებლობის მიღმა არ ტოვებს. პირის განზრახ მკვლელობა, ასევე, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა გენდერის ნიშნით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. საერთაშორისო პრაქტიკა ამ მხრივ სხვადასხვაგვარია. ფემიციდი გვხდება როგორც ცალკე დანაშაულის, ისე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების სახით.
როგორც არსებული კანონმდებლობის, ისე სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად ჩამოყალიბების შემთხვევაში, მთავარია, მართლმსაჯულების ორგანოების მიერ სწორად მოხდეს დანაშაულის ფაქტების მიღმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება და ქალის მკვლელობის ფემიციდად შეფასება.
ავტორი