ხვალ, 8 ნოემბერს მწვანე ბარათის მოსაპოვებლად გათამაშებაში რეგისტრაცია სრულდება.
რეგისტრაცია უფასოა და 8 ნოემბრის 20 სააათამდე შესაძლებელია ერთადერთ ბმულზე: dvprogram.state.gov. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის მთავრობა არ აგზავნის შეტყობინებას, მოიგეთ თუ არა მწვანე ბარათი. შედეგის შემოწმება უნიკალური კოდის გამოყენებით, იმავე ვებგვერდზე, 2023 წლის 6 მაისიდან იქნება შესაძლებელი. კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით.
თაღლითობის მაღალი რისკის გამო, აშშ-ის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ მიმართავენ დამხმარე ორგანიზაციებს და განაცხადი შეავსონ პირადად, „ვიზა აგენტების“ ან „ვიზა კონსულტანტების“ გარეშე.
ონლაინ განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ პასპორტი და საჭიროა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული ციფრული ფოტოსურათის ატვირთვა ონლაინ რეგისტრაციის ბმულზე. მწვანე ბარათის პროგრამის განცხადების ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს იმავე სტანდარტებს, რასაც აშშ-ის სავიზო ფოტო.
განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია და რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.