უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გაყვანა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
როგორც ცნობილია, ანგარიშის მომზადებისას Amnesty International-მა გამოკითხა უკრაინის 88 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 48 ომამდე მარიუპოლში ცხოვრობდა.
როგორც მათი ნაამბობიდან ირკვევა და ანგარიშშიც აღნიშნულია, რუსეთის მიერ მარიუპოლის ოკუპაციის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში რუსული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძალები ხელს უშლიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასვლას უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
„სამოქალაქო პირების უმეტესობა ამბობდა, რომ როგორც რუსული, ისე რუსეთის მიერ მართული ძალები აიძულებდნენ გაქცეულყვნენ ერთი მიმართულებით: თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, საიდანაც ისინი რუსეთში გადაჰყავდათ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უამრავი ბავშვი დააშორეს მშობლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების საწინააღმდეგოდ.
„ბავშვების დაშორება ოჯახებისგან და ადამიანების იძულება გადასახლებულიყვნენ სახლებიდან ასობით კილომეტრის მანძილზე – კიდევ ერთი მტკიცებულებაა მძიმე ტანჯვისა, რომელიც რუსეთის შეჭრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენა“, – განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანიეს კალამარმა.
Amnesty International-ი მოუწოდებს საერთაშორისო პროკურორებს გამოიძიონ მოსახლეობის იძულებითი გადასახლება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.