პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პრჟევოდოვში აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და ჯერ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ეს შეიძლება განმეორდეს.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა რაკეტა.
„ამჟამად არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება“, – თქვა დუდამ.
მან ასევე დაამატა, რომ პოლონეთი ალიანსის წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრაზე გამოიყენებს ნატოს წესდების მე-4 მუხლს. რაც ითვალისწინებს ალიანსში კონსულტაციების დაწყებას იმ საფრთხის შესახებ, რომელიც აწუხებს მის ერთ–ერთ წევრს.
დუდამ ასევე განაცხადა, რომ ნატო მზადყოფნაშია, ხოლო პოლონეთმა, თავის მხრივ, გაზარდა თავისი შეიარაღებული ძალების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის ხარისხი.
მისი თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ შემთხვევის გამოსაძიებლად ამერიკელ ექსპერტებს გააგზავნიან.
მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ პოლონეთს ნატო–ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით.
„ყველა ლიდერმა, ვისაც დღეს ვესაუბრე, დამარწმუნა, რომ მოკავშირეები მხარს გვიჭერენ ნატო–ს მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით, ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა დუდამ.
ავტორი