მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე, კატარმა ფიფას სტადიონებიდან ლუდის გაყიდვის მთლიანად ამოღება მოსთხოვა – ამის შესახებ ინფორმაციას thetimes ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფიფას ამ მოულოდნელი თხოვნით, კატარის მმართველი ოჯახის წევრებმა ცოტახნის წინ მიმართეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ალკოჰოლის საკითხზე მსჯელობა რამდენიმე თვის წინაც იყო, თუმცა დიდი საფეხბურთო ტურნირის ჩატარება ისე, რომ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე ლუდი არ გაიყიდოს, რთული წარმოსადგენია.
Thetimes წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს კატარის მმართველის ალ თანის დაჟინებული მოთხოვნით ხდება. გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა ფიფასთვის ნამდვილი შოკი იყო, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სავარაუდოდ დღეს გაკეთდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გულშემატკივრები დიდი ალბათობით ლუდის ყიდვას ვერცერთ თამაშზე ვერ შეძლებენ.
Thetimes წერს, რომ თუ ლუდის მწარმოებლებს არ ექნება უფლება თავიანთი პროდუქტი სტადიონებზე გაყიდოს, ამით ფიფა 75 მილიონიან კონტრაქტს დაარღვევს, რაც ფიფას დიდ პრობლემას შეუქმნის.
როგორც გამოცემა წერს, ამჟამად ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ლუდის ყიდვა ხელმისაწვდომ ი იქნება მხოლოდ ერთ ადგილას, დოჰაში ეგრეთ წოდებულ ფან-ზონებში.
გამოცემა წერს, რომ შესაძლოა ალკოჰოლი ხელმისაწვდომი იყოს, მხოლოდ ერთადერთ ადგილას, სტადიონების VIP ბოქსებში.
ცნობისთვის, კატარში ისლამი სახელმწიფო რელიგია და საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის გაყიდვა და მიღება აკრძალულია. ის მხოლოდ დოჰას ზოგიერთ სასტუმროშია ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ავტორი