კარლოს აუგუსტო ალვეს სანტანა 1947 წლის 20 ივლისს მექსიკის ქალაქ აუტლან დე ნავაროში დაიბადა.
2000 წელს კარლოს სანტანა გახდა პირველი ლათინოამერიკელი შემსრულებელი, რომელმაც მიიღო „გრემის” მთავარი ჯილდო – „წლის ჩანაწერისთვის”. იმ წელს სანტანამ, საერთო ჯამში, 8 ჯილდო მიიღო და „გრამოფონის” ფორმის ჯილდოების რაოდენობით, პოპ–მეფეს, მაიკლ ჯეკსონს გაუტოლდა.
რამდენიმე ხნის წინ კარლოს სანტანამ აღიარა, რომ არ ახსოვს ისტორიული გამოსვლა ვუდსტოკის ლეგენდარულ ფესტივალზე, 1969 წელს. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გიტარისტმა ძლიერი ფსიქოტროპული ნარკოტიკი მიიღო, იმ მიზნით, რომ მოშვებულიყო და დაძაბულობა მოეხსნა. თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორების გეგმა უცებ შეიცვალა და გიტარისტი, რომელიც ნარკოტიკული ეიფორიის ზენიტში იმყოფებოდა, სცენაზე აიყვანეს. სანტანას არ ახსოვს, რა კომპოზიციები დაუკრა და საერთოდ, თუ დაუკრა ეგეც არ ახსენდება.
კარლოს სანტანა იმ გიტარისტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა სტილსა და გიტარის ხმას სხვათა ხმოვანებაში, ძალიანაც რომ გსურდეთ, ვერ აურევთ. „ხალხი პირველივე ნოტიდან მცნობს. სავარაუდოდ ეს უფრო კარგია, ვიდრე ცუდი”, – ამბობს ლეგენდარული სანტანა.
„მუსიკას, რომელსაც ჩვენ ყველანი ლათინო ამერიკულს ვუწოდებთ, სინამდვილეში აფრიკული ფესვები აქვს. მე არ მეშინია იმის, რომ სხვადასხვა წყაროდან ვაკეთებ კოპირებას. ყველა არტისტი ასე უნდა იქცეოდეს – ისწავლოს სხვებისგან, კოპირება მოახდინოს და საკუთარი ხმა გაამრავალფეროვნოს. როგორც ამბობენ, თუკი ერთისგან იღებ, ეს ქურდობას უტოლდება, ხოლო თუ ბევრისგან – მაშინ მკვლევარი ხარ”, – დარწმუნებულია ლეგენდარული მუსიკოსი და აცხადებს, რომ პლაგიატობა მისი შემოქმედების ნაწილია.
2001 წელს აუტლან დე ნავაროს მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა დაეფასებინა თავისი ყველაზე ცნობილი შვილი და დღესასწაული მოაწყო კარლოსის პატივსაცემად. მუსიკოსს გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები, ხოლო ყველაზე ფართო ქუჩას მისი სახელი ეწოდა. გარდა ამისა, 2011 წელს სანტანას სახელი ეწოდა სკოლას ლოს–ანჯელესში.
1978 წელს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კარლოს სანტანას დაგეგმილი ჰქონდა კონცერტი ლენინგრადში, „დვორცოვაია პლოშადზე”. კონცერტი 4 ივლისს უნდა შემდგარიყო და ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საბჭოთა მელომანებს შორის. თუმცა, საბჭოთა მთავრობა ჩაერია და კონცერტი არ შედგა. 1987 წელს სანტანა მაინც მოხვდა საბჭოთა კავშირში, კონცერტი მოსკოვში ჩატარდა.
კარლოს სანტანა გატაცებული იყო ინდუიზმით. მისი მეუღლე, დებორა, გურუ შრი ჩინმოის სწავლებამ გაიტაცა და მისი ერთ–ერთი მოწაფე გახდა. გურუს დახმარებით კარლოს სანტანამ ინდუიზმით გატაცებული კიდევ ერთი მუსიკოსი, ჯონ მაკლაფლინი გაიცნო. მოგვიანებით, მათ კიდევ ერთი, ინდუიზმზე შეშლილი მუსიკოსი, ელის კოლტრეინი შეუერთდათ.
ავტორი