კინორეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი იხსენებდა:
„მსურს ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში: „ქეთო და კოტეს“ სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ ალექსანდრე ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩას ესვრიან.
იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი, ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით გავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო. მე ნება დავრთე.
მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი.
ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისკენ და შეძრწუნებული ყვირის: „მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!…“ კადრის შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა, გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: „რას იცინით, უკან ვარ დაჭრილი!“
შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე, კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. ჟორჟოლიანი არ იყო გულღრძო, ეს ონავრობა აპატია „გადარეულებს“.
ავტორი