კატარში მიმდინარე მუნდიალის მორიგი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კამერუნისა და სერბეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ – 3:3 დასრულდა.
მაყურებელმა არც მეორე მატჩის დროს მოიწყინა. აფრიკის კონტინენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განამ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და სამხრეთ კორეა დაამარცხა – 3:2.
ნეიმარის გარეშე მოასპარეზე ბრაზილიას კი გაუჭირდა, მაგრამ ერთი კინკილა გოლის წყალობით შვეიცარიის ძლევა მაინც მოახერხა – 1:0.
პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ურუგვაის სძლია – 2:0.
გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მექსიკის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლეო მესი გასახდელში საკუთარი ბუცების გახდის დროს, შემთხვევით მექსიკის მაისურს ადგამს ფეხს. ამ ქმედებამ ცნობილი მექსიკელი მოკრივე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი საულ ალვარესი გაანაწყენა.
„მესის ურჩევნია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს. ისევე როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას, მანაც უნდა სცეს პატივი მექსიკას. მე არ ვსაუბრობ მთლიანად ქვეყანაზე, მხოლოდ იმ საქციელზე, რომელიც მან ჩაიდინა“. – განაცხადა ალვარესმა.
სოციალურ ქსელებში მოკრივის ამ მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმა. გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, რომ მესის ეს ქმედება განზრახ არ ჩაუდენია და პირიქით, ალვარესმა ზედმეტად ემოციურად გამოხატა ეს ეპიზოდი.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გერმანიასთან მატჩის შემეგ აღნიშნა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ამ დღეს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის მე-13 დაბადების დღე იქნებოდა.
„ეს დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული იყო. რა თქმა უნდა, ჩემი ქალიშვილი დღეს ჩემს გვერდით ფიზიკურად აღარ არის, თუმცა ჩვენ ის ყოველთვის გვახსოვს. მას ხშირად ვიხსენებთ, ვიცინით და ვფიქრობთ, თუ როგორ მოიქცეოდა თითოეულ იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენ გვხდება თავს.“ – განაცხადა ლუის ენრიკემ
ლუის ენრიკეს ქალიშვილი, ქსანა, ოსტეოსარკომასთან (ძვლის კიბო) ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2019 წლის 30 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, რის გამოც ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დროებით დატოვა, ნოემბერში კი საქმიანობას კვლავ დაუბრუნდა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში ესპანეთმა და გერმანიამ ფრედ 1:1 ითამაშეს. ბუნდესგუნდმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„კომპლიმენტები ჩემს გუნდს, მაგრამ ჩვენ წინ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით. შემდეგი ნაბიჯი კოსტა რიკის წინააღმდეგ უნდა გადავდგათ. ფიულკრუგი კარგად ართმევს თავს დავალებას და მონდომებულია დაარტყას და გაიტანოს. გვქონდა შანსი 2:1 გაგვეხადა, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამ ყველაფერს თავდაჯერებულობა მოჰყვება. ერთად კარგად ვართ, თუნდაც ბევრი რამ სხვანაირად ჩანდეს. ვამაყობ რეაქციით. მენტალიტეტის გამომუშავება დავიწყეთ. მოედანზე ფეხბურთელები ნამდვილი მეომრებივით იყვნენ. ტოპგუნდს შევხვდით და თანაბრად ვეთამაშეთ. ოთხი ქულა გვჭირდება. თუ ამ იმპულსს შევინარჩუნებთ და ყურადღებას რეალურ რაღაცებზე გავამახვილებთ მაშინ შესაძლებელი ბევრი რამ იქნება“, – განაცხადა ჰანსი ფლიკმა.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ჩინეთშიც გადაიცემა, თუმცა მათი ტელევიზია ოცდაათი წამით გვიან მაუწყებლობს და იმ გულშემატკივართა კადრებს არ აჩვენებს, ვისაც ნიღბები არ უკეთიათ.
ჩინეთში კვლავ მკაცრად იცავენ კოვიდ შეზღუდვებს, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი ისევ ლოქდაუნია გამოცხადებული. რამდენიმე ქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები იმართება მკაცრი კოვიდ პოლიტიკის მიმართ, რის გამოც ჩინურმა მაუწყებელმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებას ფლობს, გადაწყვიტა პირდაპირ ეთერში მატჩები 30 წამის დაგვიანებით გაუშვას, გულშემატკივართა კადრები კი მთავარი მწვრთნელის, ან ფეხბურთელთა კადრებით გადაფაროს.
მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგია დაამარცხა, რასაც ქალაქ ბრიუსელის ქუჩებში დიდი არეულობა მოჰყვა.
მაროკოელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ბრიუსელში ცხოვრობენ, ქალაქის ქუჩებში ნამდვილი ომი წამოიწყეს. მათ ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და მანქანებს ცეცხლიც კი წაუკიდეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციას მაროკოელების დაშოშმინება, რომლებიც გამარჯვებას უსაზღვრო აგრესიით გამოხატავდნენ, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით მოუწია.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ არეულობის დროს ბრიუსელის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მოუწია.
ფიფამ კი ოფიციალური გამოძიება დაიწყო იმ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩისას ჰქონდა ადგილი და სერბულ მხარეს სოლიდური ფულადი ჯარიმა ელის.
აღნიშნული მატჩისას სერბეთის ნაკრების გასახდელში ქვეყნის ეროვნული დროშა იყო გამოფენილი, რომელზეც ქვეყნის კონტურები კოსოვოს ჩათვლით იყო გამოსახული, ზედ კი წარწერაც იყო – „არ დავნებდებით“.
ფიფას საჩივრით კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა და სერბების მკაცრად დასჯა მოითხოვა:
„ასეთ შოვინისტურ ქმედებას მუნდიალზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ფაქტის მიჩუმათება სწორი საქციელი არ იქნება. უმკაცრესად მოვითხოვთ რომ ფიფამ სერბული მხარე ამ აგრესიული დემარშისათვის სათანადოდ დასაჯოს. მათი საქციელი ფეხბურთის ფასეულობებს ეწინააღმდეგება“. – ასეთია კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება.
გამოცემა „RMC Sport“–ის მტკიცებით, თუ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ოქროს მედალს გუნდის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაც მიიღებს, რომელიც კატარის მუნდიალზე ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
მადრიდის „რეალის“ შემტევმა დაზიანება საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე მიიღო და მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ამიტომ ვერ ახერხებს.
ფიფაში განაცხადეს, რომ, რადგან ფრანგებმა ნაკრებში ბენზემას შემცვლელი არ გამოიძახეს, იგი გუნდის წევრად რჩება. აქედან გამომდინარე, თუ ოქროს მედლები საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა მოიგო, 26-დან ერთ–ერთი განკუთვნილი ჯილდო ქარიმისთვის იქნება.
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი გუნდის ლიდერ ჰარი კეინს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსთან დასვენების საშუალებას მისცემს.
37 წლის რუნის აზრით, რომელიც ამჟამად ამერიკულ „DC იუნაიტედს“ წვრთნის, საუთგეტმა კეინი ფლეი ოფისთვის უნდა დაასვენოს.
„უელსთან თამაშში შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს შევიტანდი – ჰარი კეინს დასვენების შესაძლებლობას მივცემდი. ვფიქრობ, გარეტს ირანთან მატჩის შესვენებაზე მის შეცვლაზე უნდა ეფიქრა. ანგარიში 3:0 იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოგება განაღდებული იყო, ჰარი კი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
როდესაც არის იმის შესაძლებლობა, რომ დაიცვას კეინი ტრავმისგან და დაეხმაროს მას ფორმის შენარჩუნებაში, ვფიქრობ, გარეტმა ის უნდა გამოიყენოს. სწორად ამიტომ, მე კეინს უელსთან თამაშში სათადარიგოთა სკამზე დავსვამდი“, – განაცხადა უეინ რუნიმ.
ავტორი