რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს გამოიყენოს ყინვა, თოვლი და ყინული თავის სასარგებლოდ ბრძოლის ველზე და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
“პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც ომის იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის საშინელება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მეტი თავდასხმებისთვის”,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც ცნობილია, ორშაბათს კიევს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ.
მათ პირობა დადეს, რომ უკრაინას დახმარების მიზნით გაუგზავნიან გენერატორებს, თბილ ტანსაცმელს და საკვებს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვილოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ჯარები ახალ დარტყმებს ამზადებენ.
“სანამ მათ აქვთ რაკეტები, ისინი არ გაჩერდებიან, სამწუხაროდ”, – განაცხადა ზელენსკიმ.