აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას განიხილავს, რათა უკრაინის ომში მათი ჩართულობა და აფრიკის კონტინენტზე მათი გავლენის ზრდა შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg–ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, “ვაგნერის” ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადება აშშ–ს მისცემს შესაძლებლობას, ჯგუფისა და მისი წევრების წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმეები და მათი აქტივების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში მიიღოს ზომები. თუმცა ჯერ ბაიდენის ადმინისტრაცია საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულა.
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Bloomberg-თან “ვაგნერის” ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებული საუბრების არსებობა არ დაადასტურა.
Bloomberg წერს, რომ დასავლელ მაღალჩინოსნებს, უკრაინის გარდა, ვაგნერის აფრიკის კონტინენტზე ყოფნაც აშფოთებთ. მარტში გაერომ გამოაცხადა, რომ ჯგუფის მიერ მალში შესაძლო ადამიანის უფლებათა დარღვევებს იძიებდნენ.
“ვაგნერის” ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ბიზნესმენი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, ევგენი პრიგოჟინი უკვე სანქცირებულია აშშ–ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ.
ავტორი