კატარის მუნდიალზე გუშინ „E” და “F“ ჯგუფებში ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა.
„E” ჯგუფში ყველასათვის მოულოდნელად იაპონიის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა – 2:1 და მერვედფინალურ სტადიაზე გავიდა.
გერმანიის ეროვნულმა გუნდმა კოსტა რიკას სძლია – 4:2. ამის მიუხედავად ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია ბუნდესგუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.
„E” ჯგუფიდან მედლებისათვის ბრძოლას იაპონია და ესპანეთი გააგრძელებენ.
“F“ ჯგუფში მაროკო კანადაზე ძლიერი აღმოჩნდა – 2:1. აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.
ბელგიის ეროვნულ გუნდს ხორვატიასთან აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია – 0:0.
“F“ ჯგუფიდან მერვედფინალში მაროკო და ხორვატია გავიდნენ.
გუშინ ცნობილი გახდა კიდევ ორი მერვედფინალური წყვილის შემადგენლობა. იაპონია ხორვატიას, ესპანეთი კი მაროკოს დაუპირისპირდება.
ტუნისისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების შეხვედრის მიწურულს „განსაკუთრებული და დაუჯერებელი“ სკანდალი დაფიქსირდა. მატჩის მერვე დამატებულ წუთზე ფრანგმა ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დასრულდა ფრედ – 1:1. ახალზელანდიელმა არბიტრმა მეთიუ კონგერმა ტუნისელებს თამაში ცენტრიდან განაახლებინა და იქვე საფინალო სასტვენიც გაისმა.
მაგრამ… ამ დროს არბიტრს ვიდეორეფერის ოთახიდან დაუკავშირდნენ და გოლის შემოწმება შესთავაზეს. კონგერმაც მონიტორზე ნახა ეპიზოდი და გოლი გააუქმა. შემდეგ კი ფეხბურთელებს კვლავ ცენტრისკენ უხმო, თამაში განაახლებინა და მეორედაც ჩასტვინა საფინალოდ.
საბოლოო გამარჯვებულად ტუნისის ნაკრები გამოცხადდა. საფინალოს სასტვენის შემდეგ მატჩის საბოლოო შედეგის შეცვლა უპრეცედენტო ფაქტია. ამიტომაც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა–ში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
არგენტინის ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაირა. საუდის არაბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ავსტრალიას დაუპირისპირდება.
ლიონელ მესიმ პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„პენალტის გაცუდების შემდეგ გუნდი უფრო გაძლიერდა და დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიგებდით, მთავარი იყო პირველი გოლი გაგვეტანა. როგორც კი გოლი გავიტანეთ, ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. ენცო ფერნანდესი და ალექსის მაკალისტერი? ვინც უნდა გავიდეს მოედანზე, იცის, რა უნდა გააკეთოს და ყოველთვის მზადაა. ეს არის ამ გუნდის ერთიანობის სიძლიერე. ვიცოდით, რომ პირველი ადგილით ავსტრალიას შევხვდებოდით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რთული თამაში გვექნება.
ჩემპიონატი მარცხით და ცუდად დავიწყეთ, რამაც გულშემატკივრებში შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ ყველა უნდა დამშვიდდეს, იმედი მაქვს, გავაგრძელებთ იმის დემონსტრირებას, რაც დღეს ვაჩვენეთ“, – განაცხადა ლეო მესიმ.
ამის შემდეგ არგენტინელთა კაპიტანმა ჟურნალისტებს თავისი ახალი რეკორდის შესახებ უამბო, რომლითაც მან ლეგენდარულ დიეგო მარადონას გადაუსწრო.
„ახლახან შევიტყვე, რომ რეკორდი გავაუმჯობესე. არ ვიცოდი. ბედნიერი ვარ, ასეთი მიღწევების გაუმჯობესება რომ შემიძლია. მჯერა, დიეგო ბედნიერი იქნებოდა ამ სიახლით. ის ყოველთვის დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა ჩემს მიმართ. ხარობდა ჩემი წარმატებებით.“
30 ნოემბერს, მესიმ მუნდიალებზე არგენტინელთათვის სარეკორდო 22-ე მატჩი ჩაატარა და ერთით გადაუსწრო დიეგო მარადონას.
სამწუხაროდ ამავე მატჩში მან – პენალტი ვერ გაიტანა, რითაც ანტირეკორდი გაიმეორა. მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში, მესიმ 3 თერთმეტმეტრიანიდან 2 ვერ გაიტანა, რითიც განელი ასამოა გიანის ცუდი შედეგი გაიმეორა. გიანმა თავის დროზე 4 პენალტიდან 2-ის გამოყენება ვერ შეძლო.
აღნიშნულ შეხვედრაში მესის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი პოლონელთა კარის დარაჯმა ვოიცეხ შესნიმ მოიგერია. პენალტი მისსავე შეცდომის გამო დაინიშნა.
შესნი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა მეორე მეკარე, ვინაც თამაშის წესები დაარღვია და შემდეგ თერთმეტმეტრიანი აიღო.
პირველმა ეს ფრანგმა ჯოელ ბატსმა 1986 წელს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო.
ვოიცეხ შესნიმ იმის შესახებაც ისაუბრა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც შეხვედრის არბიტრი დენი მაკელი Var-ზე პენალტის ეპიზოდის შესამოწმებლად წავიდა.
„მესის პენალტის დაწყებამდე ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ არბიტრი პენალტს არ დადებდა და 100 ევროს ფსონს ჩამოვდიოდი, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ მესისთან ეს ფსონი წავაგე. არ ვიცი, ნებადართულია თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე. შესაძლოა, ამის გამო დისკვალიფიკაცია მივიღო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვღელავ. ასევე არ ვაპირებ მესის 100 ევრო გადავუხადო, რადგან ვფიქრობ, ეს არც მას ანაღვლებს.
მსაჯს თავიდანვე ვუთხარი, რომ კონტაქტი იყო, თუმცა პენალტი დასანიშნი არ გახლდათ. ლეო ზოგიერთ პენალტზე მეკარეს უყურებს, ზოგს კი ძლიერად ურტყამს. ვიცოდი, რომ თუ ძლიერად დარტყმას აპირებდა, ეს უფრო მარცხნივ იქნებოდა. დავინახე, რომ გამორბენის დროს ის არ ჩერდებოდა. ამიტომაც მარცხენა კუთხე ავირჩიე და პენალტიც მოვიგერიე“, – უთხრა შესნიმ „TV 2 Sport“–ს.
ბოლოსა და ბოლოს მექსიკელი მოკრივისა და ლეო მესის დაპირისპირება ჰოლივუდური ფილმის „ჰეფი ენდის“ სცენარით დასრულდა. საულ ალვარეს კანელო მიხვდა რომ მართალი არ იყო და ფლეი–ოფის დაწყებამდე არგენტინელს ბოდიში მოუხადა.
„ბოლო დღეებში მე ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო საკუთარ თავს არ ვგავდი და შეუსაბამო კომენტარები გამოვაქვეყნე. ამიტომ მინდა მესისა და არგენტინელებს ბოდიში მოვუხადო“.
კატარის მუნდიალის ვადაზე ადრე დატოვება „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელს, მექსიკის ეროვნული გუნდის მოთამაშე ირვინგ ლოსანოს მოუხდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან მექსიკელთა გამოვარდნის შემდეგ ლოსანომ თანამემამულე ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„სამწუხაროდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა მერვედფინალში გასასვლელად. ასეთია ფეხბურთი. უკეთ უნდა გვეთამაშა. არ მეგონა თუ მუნდიალს ასე ადრე დავტოვებდით. ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ მოხდა რაც მოხდა. მადლობა ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს“.
მექსიკის ნაკრებმა ჯგუფში პოლონელებთან ერთად 4 ქულა დააგროვა, მაგრამ პოლონელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მოხვდნენ ფლეი–ოფში.
ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კი კარლოს კეირუში გადადგა. ინფორმაცია პორტუგალიელმა მწვრთნელმა თავად გაავრცელა და ირანის ფეხბურთის ფედერაციამაც ოფიციალურად დაადასტურა.
კეირუშმა გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ირანი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. 69 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ირანის ნაკრებმა უელსი 2:0 დაამარცხა, მაგრამ ინგლისთან 2:6 და აშშ–სთან 0:1 წააგო, რის შედეგადაც, ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
კარლოს კეირუში ირანის ნაკრებში მიმდინარე წლიდან მუშაობდა. მანამდე ის ირანის ნაკრებს 2011-2019 წლებშიც ავარჯიშებდა და გუნდი 2014 და 2018 წლის მუნდიალზეც ათამაშა, მაგრამ ჯგუფიდან ვერცერთხელ გაიყვანა.
„ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. საქმე პორტუგალია – ურუგვაის შეხვედრასა და რონალდუსთვის ჩათვლილ–არჩათვლილ გოლს შეეხებოდა.
„დაივიწყეთ მარადონას „ღმერთის ხელი“, ახლა მოდაში რონალდუს „ღმერთის თმებია“. პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა ისეთი რეაგირება მოახდინა, თითქოს ბურთს თავით შეეხო. უტიფარი! რონალდუსთვის სამწუხაროდ, „ადიდასის“ ბურთში სენსორია და დადასტურდა, რომ იმ მომენტში ბურთთან კავშირი არ ჰქონია.
დარწმუნებული ვარ, ის ფაქტი, რომ მესის „ადიდასთან“ აქვს კონტრაქტი, რონალდოს კი „ნაიკთან“, შეთქმულების სასაცილო თეორიებს წარმოშობს. უნდა აღინიშნოს, რომ არა რონალდუ, ფერნანდეშის ჩაწოდების შემდეგ ურუგვაელთა მეკარე სერხიო როჩეტი ბურთს დაეუფლებოდა. რონალდოს ნახტომი აუცილებელი იყო, მაგრამ არ იყო საჭირო გოლის მითვისება, რომელიც შენ არ გაგიტანია.
ჩემს კარიერაში ბევრი ჩაწოდება იყო. ყოველთვის იცი, შეეხე თუ არა ბურთს. თუნდაც, როდესაც შეხება მინიმალური იყო, მაგრამ ვერ გავიხსენებ შემთხვევას, როცა ერთხელ მაინც მეცადა თანაგუნდელის გოლი მიმეთვისებინა. თუმცა, რამდენიც უნდა გაუგზავნოს მორგანს შეტყობინებები, რონალდუ ამ გოლს ფიფასგან ვერ მიიღებს! როდესაც რონალდუ ზეიმობდა, საქმე არა იმდენად გუნდში, არამედ პირადად მასში იყო. რონალდო – ეს მხოლოდ რონალდუს შესახებ“, – განაცხადა კრის სატონმა.
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების მცველი ნუნო მენდეში, დიდი ალბათობით, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.
მენდეშს ბარძაყის ტრავმა აქვს, ზუსტად ის დაზიანება, რომლის გამოც „პარი სენ–ჟერმენში“ სამი კვირა გამოტოვა. ამგვარად, თუ ვარაუდი გამართლდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრებს მუნდიალზე ვერ დაეხმარება.
მენდეშმა ტრავმა ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ პირველივე ტაიმში მიიღო და მოედანი დატოვა.
გუშინ, ესპანურ ყვითელ მასმედიაში ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა. სულ მალე, „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი, შესაძლოა, …ესპანეთის მეფე გახდეს.
18 წლის ფეხბურთელს თურმე ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრესთან, ლეონორ დე ბურბონთან სასიყვარულო რომანი აქვს. 17 წლის ასტურიის პრინცესა ესპანეთის ტახტის რიგით პირველი მემკვიდრეა.
გოგონა „ბარსელონას“ მხურვალე გულშემატკივარია. ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ ნაკრების ფეხბურთელებს კოსტა–რიკასთან დამაჯერებელი გამარჯვება კატარში პირადად მიულოცა, გავის კი ხელი მცირე ზომის მაისურზე მოაწერინა, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გაზარდა.
ავტორი