მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა სახალწლო ბაზრობის დაწყება, ოზურგეთის ქუჩებს თუ ბაზარში აქტიურია კითხვა: „რა ეღირება საახალწლოდ ინდაური, ქათამი, გოჭი, ყველი?“
ხალხი, ბუნებრივია, საახალწლო სუფრის საკითხის მოგვარებაზე, ტრადიციულად, ადრიანად იწყებს ფიქრს და ყველაზე საჭირო პროდუქტის ფასზე „მკითხაობაც“ აქტუალურია.
დღეისთვის ოზურგეთის ბაზარში, ყველაზე ხშირად გოჭის, ქათმის, ინდურის და ყველის ფასს კითხულობენ. ახლა აქ ცოცხალი გოჭის წონა, ერთი კილოგრამი 13 ლარია და წინა თვეებთან შედარებით, ეს ფასი სამი ლარით ნაკლებია.
გასულ წელთან შედარებით, გაძვირებულია ინდაური. თუ მაშინ კილოგრამობით არ ადებდნენ ფრინველს ფასს და შეხედულების (გარეგნულად) მიხედვით, 80-100 ლარს აფასებდნენ, ახლა დაზუსტებული წონის მიხედვით სურთ, გაყიდონ:
_ 7-8 კილოგრამიან ინდაურს 150 ლარზე ნაკლებად ვერ მოგყიდით. 5 კილოგრამამდე დედალ ინდაურს კი 80 ლარს ვაფასებთ, _ გვითხრეს აქ.
ქათამი და მამალი, საშუალოდ 20 -25 ლარი ღირს. რაც შეეხება ყველს, დღეს ერთი კილოგრამის ფასი 16-17 ლარია.
„გოჭი გაიაფდა, ინდაური გაძვირდა. ყველის ფასი, ერთი კილოგრამის 16 ლარია. თუმცა, შესაძლოა, უფრო გაძვირდეს ახალ წლამდე ან პირიქით გაიაფდეს. ამბობენ, რომ საახალწლოდ ყველის საკმაოდ დიდი რაოდენობის შემოტანაა შესაძლებელი. დანარჩენი თქვენ იმკითხავეთ“ _ სერიოზული განმარტებიდან, ხუმრობის ნოტაზე ასრულებენ ჩვენთან საუბარს ყველის რეალიზაციაზე მომუშავე პირები.
ავტორი