უკრაინაში ქალაქ ბახმუტთან დაღუპული 5-ვე ქართველი მებრძოლი აფხაზეთის ომში იბრძოდა. ისინი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდნენ.
“გუშინ გავიგე საღამოთი, ტელეფონით ვნახე. უკრაინაში ყოფილა წასული, წინა ხაზზე იყო, თურმე იბრძოდა”,- თქვა დაღუპული ავთო რურუას დედამ.
სოხუმიდან დევნილმა როინ კვარაცხელიამ სამშობლოს თავისუფლებას ოჯახის ორი წევრი, ორი შვილი შესწირა. ერთი შვილი 1993 წელს სოხუმში მერხეულის დასახლებაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისას, იმ დროს დაიღუპა, როცა ტროლეიბუსიდან დაჭრილების ჩამოყვანას ცდილობა. კვარაცხელიას საფლავის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
“3-4 თვე იქ იყო, მერე მოვიდა, მერე ისევ წავიდა…არ ვეკითხებოდით, არ მინდა მეორე სიკვდილი-მეთქი. ორი [შვილი შევწირე სამშობლოს] და აწი მე ვეწირები, მეუღლე გარდაცვლილი მყავს, – თქვა დაღუპული როლანდ კვარაცხელიას მამამ.
5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
წყარო: mtavari.tv