გუშინ, „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვი გამოცემას „Gazzetta Dello Sport“ ესაუბრა და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარეობის შეფასებასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ჩემპიონობის მოგება შეგვიძლია. ამჟამად მეორე ადგილზე ვართ.რასაკვირველია „ნაპოლი“ ძლიერია, კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, „იუვენტუსიც“ ბრუნდება და „ინტერიც“ ბრძოლაშია. ჩვენც აქ ვართ. გარდა ამისა, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია ზამთრის შესვენებით და სეზონის შუაში მსოფლიოს ჩემპიონატით. ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სეზონის მეორე ნახევარი ყოველთვის გადამწყვეტია“, – განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
„ნაპოლი“ კი მზადებას საკუთარ „სტადიო მარადონაზე“ განაგრძობს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 17 დეკემბერს ესპანურ „ვილიარეალს“ ამხანაგურად დაუხვდება. ნეაპოლელები წლის უკანასკნელ დაპირისპირებას 21 დეკემბერს, ფრანგულ „ლილთან“ ჩაატარებენ.
გუშინ, გამოცემას „pianetamilan.it“ „მილანის“ კაპიტანი დავიდე კალაბრია ესაუბრა.
„არ მოველოდი, თუ ჩემპიონატს ასე დავიწყებდით და ლიდერს ამდენი ქულით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ „ნაპოლის“ მართლაც წარმოუდგენლად ძლიერი სეზონი აქვს.
იანვარში მათ კონკურენტებთან ბევრი შეხვედრა აქვთ და ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მიზანი უცვლელია – გამარჯვება გვსურს, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ამის მიღწევა გაცილებით რთულია“, – განაცხადა დავიდე კალაბრიამ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ „რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურიონის ეროვნული ნაკრების ჩაბარება შესთავაზა.
საინტერესოა, რომ ფერნანდო სანტუში ჯერ არსად წასულა, ხოლო მოურინიოს „რომაში“ 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები მზად არიან, ამ ეტაპზე მოურინიოს ორი სკამის შეთავსებაზე დაყაბულდნენ.
გუშინ ცნობილი გახდა რომ „მილანი“ ოლივიე ჟირუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
ფრანგ შემტევს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულების ვადა გაისად ზაფხულში ეწურება, თუმცა მილანური კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. ფეხბურთელთან დალაპარაკებას ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებენ.
მიმდინარე მუნდიალზე ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში საუცხოოდ ასპარეზობს. ოთხ მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა. მათ შორის, გამარჯვებისა მეოთხედფინალში ინგლისელებთან.
ფრანგული „პარი სენ-ჟერემენი“ კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდით დაინტერესდა. რაშფორდს ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება ექნება. თუ რაშფორდი პარიზულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, „პსჟ“ მას კვირაში ხელფასის სახით ერთ მილიონ ევროს გადაუხდის.
გუშინ, ირანიდან კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა. პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, ირანელ ფეხბურთელ ამირ ნასრ-აზადანის სიკვდილით დასჯა ემუქრება იმის გამო, სამშობლოში ანტისამთავრობო აქციებში იყო ჩართული.
სპორტსმენი ნოემბრის ბოლოს დააკავეს, მალევე კი მისი გვარი იმ 28 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ბრალდებაში არაერთი საინტერესო პუნქტია: „უფლის წინააღმდეგ ომის პროპაგანდა“, „ისლამური წყობილების მტრობა“, „ქვეყანაში კორუფციის გავრცელება“.
ამას გარდა, ირანელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი გარეული იყო პოლიციის პოლკოვნიკ ესმაილ ჩერეგასა და კიდევ ორი ირანელი ძალოვნის მკვლელობაში. ამირ ნასრ-აზადანის ირანის 16 წლამდე ნაკრებში უთამაშია, შემდეგ კი „თავრიზის“ და „რაჰ-აჰანის“ წევრი იყო. თუ როდის მოიყვანენ 26 წლის ფეხბურთელის განაჩენს ძალაში, უცნობია.
ავტორი