საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შეღავათების გადავადებას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს განიხილა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, 3 წლის ვადით, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და მოგების და ქონების გადასახადში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.
ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის, არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე; იმავე ვადით გადაიწევს ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და სხვა საგადასახადო შეღავათები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საქართველოს საბაჟო კოდექსში” და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონში.
კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც კომიტეტის მიერ მომზადებულ სავალდებულო დასკვნაში აისახება და გადაეგზავნება ცვლილებათა ინიციატორს, საქართველოს მთავრობას. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.