პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, 84 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტად რჩება სოციალური პროექტები. იზრდება ხელფასები და პენსიები. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი ორი მთელი რვა მეათედი პროცენტია. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს, დაახლოებით, ორი მილიარდი ლარით გაიზრდება.
„ბიუჯეტი ითვალისწინებს მშპ-ს 5%-იან ზრდას. მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 21 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი. იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის, იზრდება ხელფასები საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთათვის და ასევე, იზრდება 20%-ით სამხედრო ნაწილებში. ასევე სოციალურ დახმარებებიც იზრდება“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.