ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული არაჟნების კონტეინერებით სააკაშვილის გამოგზავნის სპეცოპერაციაში. სანდუმ კი მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მოწოდებას.
კობახიძის შეფასებით, ზელენსკის განცხადებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში“.
„თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, – განაცხადა კობახიძემ.