გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca“ საინტერესო მასალა გაავრცელა. გაზეთის ჟურნალისტი „ვალენსიას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ესაუბრა, რომელმაც სხვადასხვა საკითხთან ერთად გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.
„ბევრ კრიტიკას ვიღებდი, როდესაც მას ვათამაშებდი. მასში დავინახე, რომ თავისი გაბარიტების გათვალისწინებით, ძალიან სწრაფი იყო. იმხანად სილესენს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, ეს ბიჭი კი პირველ მატჩებში ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. შემდეგ იყო რთული მომენტები „სევილიასა“ და „ბეტისთან“. გიორგის შეცდომებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რასაც არ ვეთანხმებოდი, თუმცა ეს ყველაფერი მის ემოციურ დონეზე აისახა და მისი სასტარტო შემადგენლობიდან გაყვანა მომიხდა. და როდესაც ის დაბრუნდა, დავინახეთ, რომ გაიზარდა, უკეთესი გახდა და ძალიან დაგვეხმარა. ის ბრწყინვალე მეკარეა და ძალიან დიდი მომავალი აქვს“, _ განაცხადა ბორდალასმა, რომელიც „ვალენსიას“ 2021-22 წლებში ედგა სათავეში.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე ევროპაში დაბრუნებას აპირებდა. დასახელებული იყო მისი ახალი კლუბიც, ევროლიგაში მოასპარეზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“.
გუშინ, ამ ინფორმაციას ბითაძის აგენტი მიშკო რაზნატოვიჩი გამოეხმაურა:
„გოგა ბითაძე ევროპულ კალათბურთს არ უბრუნდება, ამის შესახებ არც კი გვიფიქრია“.
გოგა ბითაძე „ცრვენა ზვეზდას“ სერბულ მასმედიაში დაუკავშირეს, როდესაც კლუბს, ტრავმის გამო, 27 წლის ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი ჰასან მარტინი გამოაკლდა.
ბითაძე „ინდიანიაში“ მეოთხე სეზონს ატარებს, თუმცა, ვერაფრით იქცა სასტარტო ხუთეულის წევრად, მიმდინარე ჩემპიონატში კი, თითქმის მუდმივად, სათადარიგოთა სკამზეა. „ინდიანამ“ ქართველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და ამ სეზონის შემდეგ, მას ახალი გუნდის მოძიება მოუწევს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ლეგენდა პელე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
„ფეხბურთის მეფის“ ჯანმრთელობა უარესდება და ის იმდენად რთულია, რომ ოჯახის წევრები მასთან დამშვიდობებას იწყებენ.
82 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი სან პაულუში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოშია მოთავსებული. ის წლებია მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძვის. პელე ამჟამად რეანიმაციაშია და ლაპარაკიც უჭირს.
რამდენიმე დღის წინ პელეს შვილი იტყობინებოდა, რომ მამამისს შობის გატარება საავადმყოფოში მოუწევდა.
ცნობილი იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი, 71 წლის კლაუდიო რანიერი „კალიარის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მხარეებმა 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
სარდინიულ კლუბს რანიერი ადრეც ავარჯიშებდა, 1988-1991 წლებში. მან ფაბიო ლივერანი შეცვალა, რომელიც ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, „კალიარი“ „სერია B“–ში 14 ტურის მერე 22 ქულით მხოლოდ მე-14 პოზიციაზეა.
კლაუდიო რანიერის სახელს არაერთი ცნობილი კლუბი უკავშირდება. ყველაზე მეტად მის სახელთან ინგლისური სასწაული ასოცირდება, როდესაც 2016 წელს „ლესტერს“ ინგლისის პრემიერლიგა მოაგებინა.
პარიზში კი დიდი ვნებათაღელვაა. გამოცემა „Goal“–ის ინფორმაციით, ლიონელ მესის სურს, მსოფლიოს ჩემპიონისთვის კუთვნილი თასი „პსჟ”–ს აუდიტორიას პირველივე საშინაო მატჩში აჩვენოს. რასაკვირველია, „პარი სენ–ჟერმენის“ ხელმძღვანელობა დათანხმებას არ ჩქარობს, რადგან რისკები დიდია.
28 დეკემბერს „პსჟ“ საშინაო მატჩს მართავს საფრანგეთის „ლიგა 1“–ში. მეტოქე „სტრასბურია“. ამ მატჩის წინ სურს ლეოს პარიზულ პუბლიკას მსოფლიოს თასი აჩვენოს. ბევრი მიიჩნევს, რომ სჯობს, არგენტინელმა ეს არ გააკეთოს.
სპეციალისტები და ფანები თანმხდებიან, რომ ეს ჟესტი პარიზული კლუბის ქომაგების ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. „პსჟ“–ში ასევე შიშობენ, რომ ეს არც 24 წლის კილიან მბაპეს მოეწონება, რომელმაც არგენტინელთა კარში სამი გოლი გაიტანა, მატჩის შემდგომი პენალტიც შეაგდო, მაგრამ ფინალი მაინც წააგო. არადა, კლუბში მბაპეს ძალიან დიდი გავლენა აქვს და მისი წყენინება არავის სურს.
ავტორი