მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, მესამე პრეზიდენტის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმის დაჩქარებულად განხილვას მოითხოვს.
ალასანიას თქმით, პროცესები გაჭიანურებულია და ის სადღესასწაულო დღეებში კიდევ უფრო გაჭიანურდება.
“ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა ასეთი გადადება, როცა განსაკუთრებული შემთხვევაა, მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა…მით უმეტეს რომ ახალი წელი მოდის უკვე და მერე საერთოდ მკვდარი დღეები იწყება, ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისე ძალიანაც ცოცხალი დღეებია, ახალი წელია კი ბატონო, მაგრამ რით ვაბიჯებთ ამ ახალ წელში, იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში და ასეთ მდგომარეობაში და ელოდება სიკვდილს. მე არ მიმაჩნია ნორმალურ მოვლენად, აშკარად ჩანს გაჭიანურების ტენდენცია. მოლოდინი როგორ უნდა მქონდეს სხვანაირი, ჯერჯერობით ყველაფერი ჭიანურდება. ძალიან ცუდი, არასასურველი პრეცედენტი იქმნება, რომ პატრიოტიზმის ამ სივრცეში ისჯება და ისჯება სასტიკად, ესაა ძალიან ცუდი მაგალითი ყველა თაობისთვის”, – თქვა გიული ალასანიამ.
საქმის დაჩქარებულად განხილვის მნიშვნელობაზე საუბრობს ცენტრ ემპათიის ექსპერტი, მარიამ ჯიშკარიანიც და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.
ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი პროგრესირებადი შეძენილი დემენციაა. ამის შესახებ პირველად უცხოელმა ექსპერტმა დევიდ გოლდსმიტმა ისაუბრა. ექიმები ამბობენ, რომ შესაბამისი მკურნალობისთვის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია, რადგან პროცესები შეიძლება შეუქცევადი გახდეს.
ცნობისთვის, სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელიდან გათავისუფლებაზე მომდევნო სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა.
mtavari.tv