ოზურგეთში, დიდ სავაჭრო ცენტრებში („ორი ნაბიჯი“, „მოდერნი“, მაგნიტი“, „ჩემი სახლი“…) , ერთჯერად სიფრიფანა პარკებში, რომელსაც ადრე მომხმარებელი ჩვეულებრივად უფასოდ იღებდა დახლიდან და ნავაჭრ პროდუქტს აწყობდა, ახლა 10 თეთრს ახდევინებენ.
_სამარცხვინოა, ეს არის წლის სირცხვილი, ნენა, _ გვეუბნება ასაკოვანი, ხელჯოხზე დაყრდნობილი ქალბატონი ლილი ჩხაიძე, _ რა გაუმაძღრობაა? ამხელა ქსელებს ასეთი გასაჭირი დაუდგათ რომ, ხალხს ერთჯერადი პარკების გამოც ატყავებენ? რომელი საუკუნეა. ახალი წელი მოდის და ხალხისგან წყევლა ისმის. „მოდერნში“ შევედი. აქ ასეთ ყვითელ თუ წითელ ცელოფანის სიფრიფანა პარკს ჩვეულებრივად ვიღებდით და პურს ვაწყობდით. რამ გადარია ეს ხალხი? მართლა ქორვაჭრები! როგორც კომუნისტების დროს ეძახდნენ და იმათ ბევრად წაასწრეს.
ქალბატონს სიბრაზისგან ყბა უცახცახებდა.
_გააპროტესტე რამდენიც გინდა, ვინ გისმენს? ბაზარში საწყალი ხალხი რომ ვაჭრიობს, ისინი არ ახდევინებენ ერთჯერად ცელოფანის პარკში ფულს, ესენი ვინ არიან. ამათ ხომ ვერ გააძღებ, _ ამბობს მაყვალა ძიძიშვილი.
„კონჭკათიდან მანდარინი ჩამოვიტანე გასაყიდად. ცელოფანის პარკები კი ვიყიდე. მაგაში ხალხს უნდა ჩავუწყო , თორემ ფულს როგორ გადავახდევინებო“, _გვეუბნება შაოსანი ქალბატონი, რომელიც გურიის ქუჩის მიმდებარედ დგას.
ოზურგეთის ბაზარში, სადაც სოფლის თითქმის ყველა სახის პროდუქტი იყიდება, ვერავის ნახავთ, რომ მომხმარებელს ცელოფანში ფულს ახდევინებდეს.
_მაგას როგორ ვიკადრებთ? ჩვენსავით ვის უჭირს, მაგრამ ხალხს ცელოფანში ფულს როგორ მოვთხოვთ. სიფრიფანა პარკებში ფულს 20 წლის წინ ახდევინებდნენ ხალხს. იმ მდგომარეობიდან გამოვედით, გვეგონა. ესაა ეკონომიკის ზრდა? მისწერეთ ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა. ჩვენ, აბა, აგერ, ერთმანეთს კი ველაპარაკებით ამ უნამუსობაზე, _ გვეუბნება თევზზე (ქფშია) მოვაჭრე ქალბატონი. თან ასკვნის, წინასახალწლოდ „ხამსა“ ორი დღით ადრე არავის უყიდია. ამაზე ეტყობა ხალხს, რომ უჭირსო.
_რაფერ გაღარიბებულან ეს დიდი ქსელური მარკეტების მფლობელები. არ მოშივდეთ საახალწლოდ. თუთუნს ვყიდით. რამდენჯერ ცელოფანს კი არა, თუთუნის შესახვევ ქალღალდსაც ვაძლევთ ხალხს უფასოდ, _გვეუბნებიან თამბაქოს სექციის მოვაჭრეები.
„ცოტაც და კარს მიიხურავს 2022 წელი და მას ორიოდ დღეში ძველი დაერქმევა. ახალი 2023 წლის შემოსვლასთან ერთად კი, ოზურგეთელების მიერ, წლის სირცხვილად მონათლული, ერთჯერადი სიფრიფანა პარკების გაყიდვა , ახალ წელთან ერთად, კიდევ უფრო ახლა ეტაპზე გადავა. როგორც აქ ამბობენ, შესაძლოა, გააძვირონ კიდეც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ როგორც გვატყობინებენ, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მარკეტებშიუ, უცერემონიოდ დაუწყიათ სიფრიფანა ერთჯერადი პარკების გაყიდვა.
ავტორი