თოვლის ბაბუის სახეზე, მის სტილსა და იმიჯზე, მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების და ერის წარმომადგენლები სხვადასხვანაირად ზრუნავდნენ:
მეოთხე საუკუნეში თურქეთის ქალაქ მირაში ცხოვრობდა კეთილი არქიეპისკოპოსი ნიკოლოზი. ერთხელ მან ერთი ღარიბი კაცის სამი ქალიშვილი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. მათი ოთახის ფანჯარასთან ოქროს მონეტებით სავსე ქისები დაკიდა. ეს 19 დეკემბერს მოხდა. მოგვიანებით ნიკოლოზი წმიდანად შეირაცხა. ამ დღეს ბავშვებისთვის საჩუქრების ჩუქება კი ტრადიციად დარჩა.
სკანდინავიის ქვეყნებში ცხოვრობს „ტყის კაცი“ – „ჯოუდუპუკი“. მას წითელი ქურთუკი აცვია, სათვალე უკეთია, თავზე კი ჩაჩი ახურავს. შობის წინა ღამეს ადამიანებთან ჩამოდის და ჭკვიან, დამჯერ ბავშვებს ტკბილეულით ასაჩუქრებს, ჯიუტი, გაუგონარი ბავშვებისთვის კი როზგი აქვს მომზადებული.
სანტა ამერიკაში დაიბადა. სათვალეს ისიც ატარებს და, კიდევ, ჩიბუხი უყვარს ძალიან. მოგზაურობს ირმებშებმული მარხილით. საჩუქრები კი წინდებში აქვს ჩაწყობილი, და ყოველთვის ბუხართან ან ნაძვის ხესთან კიდებს.
ჰოლანდიელი სინტერ კლაასი თბომავლით მოცურდება ხოლმე. მას შავკანიანი მსახურები ჰყავს და საჩუქრებს ისინი არიგებენ.
„ბაბო ნატალე“ იტალიელი თოვლის ბაბუაა. თავის მარხილს შენობების სახურავებზე ტოვებს და სახლებში საბუხრე მილებიდან ძვრება. ოჯახში, რომელსაც ესტუმრება, მისთვის საგანგებოდ მომზადებული რძე უნდა იდგეს თასით და ტკბილეული – ძალის მოსაკრებად.
ჩეხებთან და სლოვაკებთან საახალწლოდ მიკულაში მიდის. მას ანგელოზები და გაბურძგნული ჭინკა მიაცილებენ. კარგად აღზრდილ ბავშვს მიკულაში და ანგელოზები ტკბილეულით ასაჩუქრებენ, „ხულიგნებს“ კი ჭინკა კარტოფილს და ნახშირის ნატეხებს ესვრის.