4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან.
ერთ-ერთი აქცია გაიმართება შეკვითილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.
“გურია ნიუსთან“ საუბრის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მჟავანაძე ამბობს, რომ აქციაზე იქნებიან, როგორც პარტიის წევრები, ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ბედი აწუხებთ.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება მშვიდობიანი აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, აქცია საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და მოთხოვნა იქნება ერთი _ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და ნუ მოკლავენ მას. ვიკრიბებით იქ, სადაც დიდ დროს ატარებს ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პრობლემის მთავარი ფიგურა, რადგან მიხეილ სააკაშვილი მისი ტყვე არის.
ჩვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ ბიძინა ივანიშვილს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ პრეზიდენტს არცერთ ქვეყანაში, არ კლავენ. ეს აქცია, არ არის პარტიული და ყველას შეუძლია მოვიდეს.
დარწმუნებული ვარ, აქციაზე დღეს ისეთი ხალხიც იქნებიან, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები. ეს იქნება მაშტაბური აქცია.
ვისაც ადარდებს საქართველოს ხვალინდელი ბედი დღეს ყველას ველოდებით“, – გვითხრა დათო მჟავანაძემ.
ავტორი