ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ “ბუკ”-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, არ შეესაბამება სიმართლეს – განცხადებას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძის უწყების ინფორმაციით, “ბუკ”- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო მრავალმილიონიანი შესყიდვით:
“გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ “ბუკ”-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით “ბუკ”- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების “ჯაველინი” შესყიდვის მიზნით.
საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.
რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია.” _ აცხადებს თავდაცვის უწყება.
ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული “ბუკის” კომპლექსების დაბრუნება – ეს განცხადება უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნაში ასევე შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე