დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” კომპანიიდან აცნობეს.
“დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. თუმცა, ძლიერმა ქარმა დააზიანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი. მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც.
სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში – ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. იმერეთში – ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის, ასევე, გურიაში, ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს. შეზღუდვები სხვა რაიონებშიც ფიქსირდება, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ყველაზე რთული მდგომარეობაა.
დაზიანების ადგილებში შესულები არიან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ართულებს, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს“, _ ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებაში.