უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არესტოვიჩი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არესტოვიჩმა გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა.
„მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო: პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი.
ამასთან, არესტოვიჩი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარში წერს: „ბოლოს, როდესაც მე წამოვედი, თვენახევრის შემდეგ ომი დაიწყო. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა 16 იანვარს განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.
მოგვიანებით, უკრაინის რადაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა და დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.