აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, რუსული არმიის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება 100 ათასს. განცხადება ამის შესახებ გენერალმა გერმანიაში, რამშტაინის ფორმატში გამართილ შეხვედრაზე გააკეთა:
“ბოლოს, როცა საჯაროდ ვისაუბრე რუსების დანაკარგებზე, ვთქვი, რომ ის 100 ათასს აჭარბებს, ახლა კი ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აღემატება 100 ათასს. რუსებმა სამხედროების კოლოსალური ზარალი განიცადეს. საუბარია როგორც რეგულარულ, ისე დაქირავებულ “ვაგნერელებსა” და სხვა ძალებზე, რომლებიც იბრძვიან რუსების მხარეს”, – თქვა მილიმ ბრიფინგზე.
ამერიკელმა გენერალმა პუტინის „ნაწილობრივ მობილიზაციაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს 300 000 ადამიანის მობილიზება სურდა, თუმცა მისი აზრით, მოახერხეს 200 000-დან 250 000-მდე ადამიანის შეკრება – “ისინი ანაცვლებენ ადამიანურ დანაკარგებს, მაგრამ ეს დანაკარგებიც დიდია”,- დასძინა გენერალმა.
ამერიკელმა სამხედრო მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები საკადრო მხრივაც დიდ დანაკარგებს განიცდიან.