საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თავდამსხმელ ნოდარ ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი ჰქონდა.
სწორედ ამ ვერსიაზე საუბრობენ ის პირები, რომლებიც გუშინ პოლიციაში მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ. მათი თქმით, დაპირისპირება 19 იანვრის ღამეს დაიწყო, როცა ნოდარ ათუაშვილი მოკლულ პირებთან ერთად კორპუსის ეზოში ავტოფარეხში ქეიფობდა. არსებული ცნობით, მას ერთ-ერთ მოკლულთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც ათუაშვილმა, შურისძიების მიზნით, საცხოვრებელი სახლიდან ახალგაზრდა პირების მისამართით ცეცხლი გახსნა.
ამ ვერსიას არ ადასტურებენ ადგილობრივები და თვითმხილველები. მათი თქმით, ათუაშვილს მეზობლებთან არც დაპირისპირება და არც კონტაქტი არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, 19 იანვრის ღამეს საცხოვრებელი სახლის ეზოს ფარეხში სუფრა არ ყოფილა.
“სისულელეა [რომ ერთად ქეიფობდნენ] გამარჯობას არ იძახდა და არ არსებობს, რომ ბავშვებთან დამჯდარიყო”, – ამბობს ადგილობრივი.
ვერსიებთან დაკავშირებით, შსს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, გამოძიებას გარკვეული ვერსიები უკვე აქვს და საქმეზე შემხებლობაში მყოფი ყველა მოქალაქე იკითხება.
სროლა საგარეჯოში 20 იანვარს ღამით მოხდა. შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. 5-ვე პირს ხუთშაბათს დაკრძალავენ. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის შედეგად, ასევე დაიჭრა 5 პირი.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: mtavari.tv