დამდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებში ძლიერი ქარი დაატყდა თავს დასავლეთ საქართველოს. გურიისთვის კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კლიმატის საკმაოდ მოულოდნელი ცვლილებაა, რადგან ამ რეგიონს ქარიანობა ნაკლებად ახასიათებს.
ოზურგეთში ქარი შედარებით ნაკლები სიძლიერით გამოვლინდა, ვიდრე ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ამ ორ მუნიციპალიტეტში ქარმა უამრავი ძირძველი ხე უმეტესად წიწვოვნები, მოთხარა. სოფელ ლესაში კი ტრაგიკული ფაქტი დაფიქსირდა _ ქარისგან მოთხრილი ხე მანქანას დაეცა და 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რიგ სოფლებში, მეტ-ნაკლებად გამოვლინდა დაზარალებული ოჯახები, ასევე მეტ-ნაკლებად არის მოთხრილი ხე-მცენარეები, რომელთა აღრიცხვა, დათვლა და დოკუმენტურად თავმოყრა ჯერ სოფლებში ხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, გოგოტიშვილების ოჯახში, ქარმა სახლს შიფერის სახურავი ნაწილობრივ გადააძრო. თუმცა, როგორც ოჯახის უფროსი, პირველი ჯგუფის შშმ პირი ქალბატონი, რუსუდან გოგოტიშვილი გვეუბნება, უარესის მოლოდინი აქვთ:
_ შიშისგან თვალები დაჭყეტილი გვაქვს. ისეც ძველი სახურავი, გადახადა ქარმა სახლს. დაამტვრია. მეუღლე ადრე გარდამეცვალა. ჩემი შვილი და რძალი რასაც შრომობენ და წვალობენ, ბავშვებს ლუკმა რომ აჭამონ, იმასაც ძლივს ახერხებენ. კი მოვიდნენ მუნიციპალიტეტის მერიიდან. უმადური არ ვართ. ნახეს, მაგრამ, სანამ ჩვენი სახლისთვის რაიმე გამოინახება, წვიმის მოლოდინში დაზაფრული ვართ. გაავდრებისას ისეც ყველა კუთხეში ტაშტი გვედგა. ახლა რა უნდა მოვახერხოთ არ ვიცი. ზამთარია თან. ზაფხულიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. ერთი ძლიერი წვიმა და სულ მოსპობს და დაალპობს სახლში ყველაფერს. იქნებ, გვიშველონ რაიმე, _ ამბობს ქალბატონი რუსუდანი.
საუბარში ერთვება რუსუდანის რძალი, ირინა ლაბაძე:
_ 112-შიც კი დავრეკე. ისე გადმოყარა ისედაც დაზიანებული სახურავიდან შიფერი, უცებ, მეხი დაგვეცა, მეგონა. უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვართ. სოფლის გამგებელმა საყვედური მითხრა, სამაშველო სამსახურში რატომ დარეკეთო, მე აქ ვარ და მოვიდოდიო. კი მჯერა, რომ მოვიდოდა და მოვიდა კიდეც, მაგრამ ხომ იცით, შიშს დიდი თვალები აქვს. ისეთი ბრაგა-ბრუგი იყო, უცებ სიცოცხლის გადარჩენაზე ვიფიქრე. მერე კი, როცა ცოტათი ჩადგა ქარი, კი ვნახეთ ეს მდგომარეობა. სხვათა შორის, ჩვენი სახლი წინა წლების სტიქიის დროსაც დაზიანდა. მაშინაც შიფერი გადახადა ქარმა. რომ მოვიდნენ, გვითხრეს, სად გაქვთ ნატეხებიო. ჩემმა დედამთილმა ტომრები აჩვენა, აგერ შევაგროვეო. გვითხრეს, მაშინვე ცხელ ხაზზე უნდა დაგერეკათო. რატომ ჩაყარეთ ტომარაშიო. ასე არ შეიძლებაო. მაშინ დაპირების ამარა დავრჩით. ახლა დავრეკე 112-ში და რატომ დარეკეო. ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები… რა ვქნათ? რომ იყოს საშუალება, ვიყიდდით ამ სახურავისთვის საჭირო შიფერს, საგანგებოდ დავხურავდით და სტიქიაც ნაკლებად დაგვაზარალებდა და არც ვინმესთან მივიდოდით დახმარების თხოვნით. მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ ზარმაცი ადამიანები არ ვართ. ვშრომობთ თავის აუღებლად. თუმცა, იმდენ თანხას ვერანაირად ვერ შევაგროვებთ, რომ შიფერი ვიყიდოთ. ჩვენი შრომით ყოველდღიურად თავი გაგვაქვს. ესაა და ეს, _ ამბობს ქალბატონი ირინა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ირინა ლაბაძეს, ერთ-ერთი კერძო სამუშაოს შესრულებისას, როცა სახლის ფანჯრებს წმენდდა, სკამი დაუცურდა. ფანჯრის ჩარჩოს ბეჭდიანი თითით ჩამოეკიდა და სამწუხაროდ, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თითის ამპუტაცია დასჭირდა. ამის თაობაზე “გურია ნიუსი” ორი წლის წინ წერდა. მას შემდეგ, როგორც თვითონ გვეუბნება, ნაოპერაციევი ადგილი სულ ტკივა, სხვადასხვა საქმის შესრულებისას. თუმცა, სხვა გზა არ აქვს. ამბობს, რომ თითის სრული რეაბილიტაციისთვის საკმაო თანხა და მკურნალობაა საჭირო. ბავშვებს კი, ყოველდღიური ლუკმა სჭირდებათ და რომ არ ვიმუშაო, თითი კი არა, თავ-ბედი საწყევარი გამიხდებაო.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისთვის საგანგებო ყურადღების მიდევნებაა საჭირო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ოზურგეთში, ბადრი თავდუმაძე, “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ გოგოტიშვილების ოჯახში შესაბამისი კომისიის წევრები იყვნენ. სხვა ოჯახებშიც ფიქსირდება ქარის მიერ მიყენებული ზიანი. ყველა აღირიცხა და მალე კომისია შეიკრიბება. მოხდება ამ ყველაფრის შეჯამება და ყველას დაეხმარებიან. სტიქიის არც ერთი შემთხვევა არ დარჩენილა, ხალხს რომ არ დახმარებოდნენ და ამჯერადაც ასე იქნება, _ გვითხრა ბადრი თავდუმაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სტიქიის მიერ დაზარალებულთა რიცხვი არათანაბარია. მერის წარმომადგენელი სოფელ ნარუჯაში ზვიად მიქელაძე ამბობს, რომ დაბაში არც ერთი სახლი არ დაზიანებულა:
_ ღმერთს მადლობა, რომ მშვიდობიანად გადავრჩით. სრული სიწყნარეა ჩვენთან. ერთი ხე გადატეხა. ეს იყო სულ. ფესვიანად არც ერთი წიწვოვანი არ მოუგლეჯია ქარს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უამრავი ხე დგას ნარუჯაში. ეტყობა, ერთგვარი ქარსაფარის მისიაც შეასრულა ამ ხეების მწკრივმა. ქარსაფარი ზოლები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. უმეტესად კი, განადგურებული. ვხედავთ, რომ მისი საჭიროება ჰაერივით აუცილებელია, _ თქვა მიქელაძემ.
ქარმა დაბა ნასაკირალის არაერთი ოჯახი დააზარალა. ასევე, აქ მოთხრილია მრავალი ხე.
_ არის მეტ-ნაკლები სიმძიმის დაზიანებები. უმეტესად სახურავებია ნაწილობრივ გადახდილი. ხეებიც მოთხარა. საბედნიეროდ, არანაირ მსხვერპლი არ მომხდარა და ახლა ესაა მთავარი. ამ წუთებში ზარალს აღვრიცხავთ, რაც მომდევნო კვირაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარვადგინოთ. ხალხი დახმარებას ითხოვს. ამ ყველაფერს შესაბამისი პროცედურები სჭირდება და უცებ, ბუნებრივია, სახლები ვერ გადაიხურება. ამიტომ მოსახლეობის წარმომადგენლები გაგებით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს, _ ამბობს მერის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალში დავით კიკვაძე.
“გურია ნიუსის” მოპოვებული ინფორმაციით, ზოგ სოფელში ხდებოდა სიმულაციები და მოსახლეობიდან ცრუ ზარებიც შედიოდა საგანგებო სამსახურში, რის გამოც სამაშველო ეკიპაჟს ტყუილად მოძრაობა მოუწია. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი სოფელ შრომაში მოხდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ შრომაში, ვეფხია სიხუაშვილი, “გურია ნიუსთან” ადასტურებს, რომ ცრუ განგაშს მართლაც ჰქონდა ადგილი:
_ დიახ, ასეთ რამ ნამდვილად მოხდა. ერთ-ერთმა ოჯახმა ატეხა ცრუ განგაში. დარეკა, რომ სახლი დააზიანა ქარმა. ჩვენ ადგილზე მაინც მივედით. დავათვალიერეთ. გადავიღეთ. არსად არაფერი არ იყო დაზიანებული. არ ვიცი, განზრახ გააკეთეს თუ შეეშინდათ და მოეჩვენათ. ფაქტია, დაზიანებული არაფერი იყო, _ თქვა “გურია ნიუსთან” ვეფხია სიხუაშვილმა.
დაზარალებულია სოფელ ბახვის რამდენიმე ოჯახი. აქ, ძირითადად, სახურავები ნაწილობრივაა გადახდილი.
_ გეტყვით, რომ ზოგიერთი ახალდახურული სახლის სახურავიცაა დაზიანებული. კარგი შიფერით გადახურული სახლებიც დააზიანა. ეტყობა, ქარი მომენტალურად უფრო ძლიერად ჩავარდა თუ შევარდა კონკრეტულ ადგილებზე. სხვანაირად ვერ ვხსნი. ზოგან ძველი სახლების საკმაოდ სუსტი სახურავებიც არ არის გაქანებული. ახლა აღვრიცხავთ ზარალს. დახმარებაც დროულად გაეწევათ, თუმცა, აქაც შესაბამისი პროცედურებია საჭირო, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ ბახვში კახა მგელაძემ.
შედარებით მთიან, მაღალი ზონის სოფლებში, მაგალითად, ასკანაში, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ქარს სახურავები არ დაუზიანებია.
_ ჩვენი თემის სამივე სოფელში, ასკანაში, მზიანსა და ეწერში სრული მშვიდობა და სიწყნარეა. ზარალი არ არის და გვიხარია, _ გვეუბნება მერის წარმომადგენელი სოფელ ასკანაში ირაკლი ჯაველიძე.
ბაილეთის თემში, ასევე, რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.
დაბა ლაითურის ცენტრში დაზიანდა გარე განათება. ასევე, დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი.
_ ძირითადად, მცირე დაზიანებებია. საგანგაშო არაფერია. ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა დაბა ლაითურში გიორგი ხიდირბეგიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოჩა აბაშმაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ სტიქიით დაზარალებულებს მერია დაეხმარება.
_ ახლა ყველა სოფელში მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. ეს ყველაფერი ჩვენთან, მერიაში ერთად მოიყრის თავს და გადმოგვცემენ. შემდეგ კი კომისიის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ. დაზარალებულებს აუცილებლად დავეხმარებით, როგორც ყოველთვის. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პროცედურები, რის გავლის შემდეგ, გარკვეული დროის მონაკვეთში, მოხდება დახმარება, _ თქვა გოჩა აბაშმაძემ.
ავტორი