ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე უზენაესში გაასაჩივრებს და პროცესს “სამართლებრივი აბსურდი” უწოდა.
“ის, რაზეც ჩვენ პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე ვნახეთ, სააპელაციომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც განხილვა არ ყოფილა და რომელზეც პროკურატურას ჯერ კიდევ 4 წლის წინ, წერილობით აქვს დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. აბსოლუტური ნონსენსია, რომ ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამე არსად არ წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. დღეს ბიძინა ივანიშვილის მონებმა ეს გაიმეორეს თუთიყუშივით. ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ ვერც კი თქვა, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და 4 წელია მიმდინარეობს ეს საქმე და საპყრობილეში არ ვართ, ნიშნავს, რომ ფულის გათეთრება არსებობს”, – თქვა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. 2019 წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრება).
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.