გუშინ, ცნობილი გახდა რომ „ნაპოლიმ“ და „ფიორენტინამ“ მეკარეები, სალვატორე სირიგუ და პიერლუიჯი გოლინი გაცვალეს. გუნდებს შორის ეს გარიგება უკვე ოფიციალურად დადასტურდა. პიერლუიჯი გოლინი „ნაპოლიში“ მეორე მეკარედ განიხილება, რადგან ალექს მერეტი მყარი პირველი ნომერია, ხოლო სირიგუ „ფიორენტინაში“ ძირითადი მეკარის სტატუსს მიიღებს.
სალვატორე სირიგუს კარიერის განმავლობაში „პალერმოში“, „კრემონეზეში“, „ანკონაში“, პსჟ-ში, „სევილიაში“, „ოსასუნაში“, „ტორინოსა“ და „ჯენოაში“ უთამაშია, იტალიის ნაკრებში კი 28 მატჩი ჩაატარა.
პიერლუიჯი გოლინა „ფიორენტინამდე“ „ტოტენჰემის“, „ატალანტას“, „ასტონ ვილასა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა, იტალიის ეროვნულ გუნდში კი ერთხელ ითამაშა.
იტალიის პირველობის მორიგ ტურში „ნაპოლი“ „რომას“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრას გამოცემამ „Tuttonapoli“ სპეციალური წერილი მიუძღვნა და როგორ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია არ ეხსენებინა.
„იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ და „სერია A“-ში „სალერნიტანასთან“ მატჩების გამოტოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „რომასთან“ შეხვედრაში მოედანზე დაბრუნება სურს. ქართველი უკეთ გამოიყურება და გუნდთან ერთად თითქმის სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დღესაც მან მთელი საწვრთნელი სესია გუნდთან ერთად უნდა გაატაროს და შესაბამისად, ინდივიდუალურ მზადებას საბოლოოდ დაასრულებს.
მას უკვე დიდ მატჩებშიც ჰქონდა გოლები, გადამწყვეტი გადაცემები და მოპოვებული თერთმეტმეტრიანები და მეტოქის დაცვის ყურადღებასაც იპყრობს, რითაც მისი თანაგუნდელებისთვის სივრცე თავისუფლდება. ბოლო შოუ მას „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა. კვარაცხელია დიდი მატჩების კაცია“.
გუშინ, ფრანგული „მეცისა“ და საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის „ლიგა 2“-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი ჩემპიონატის 11 რჩეულს შორის „ლიგა 2“-ის ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოხვდა.
მიქაუტაძემ საფრანგეთის მეორე ლიგის 18 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 4 საგოლე გადაცემა.
მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
გუშინ, გამოცემამ „L’Equipe“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ არგენტინის ნაკრების ვარსკვლავს, ლიონელ მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა სურს.
გამოცემის მტკიცებით, 35 წლის მოთამაშე სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და 2024 წლის კოპა ამერიკაზეც ითამაშებს. 2026 წელს გასამართ მუნდიალზე კი მესი 39 წლის იქნება.
გუშინ, „მილანის“ ვეტერანი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფრანგულ მედიას ესაუბრა და რამდენიმე საყურადღებო მოსაზრება გააჟღერა.
შვედი ფეხბურთელის მტკიცებით, ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონობას იმსახურებდა, მაგრამ სხვა არგენტინელი ფეხბურთელები ცუდად იქცეოდნენ და ამიტომ, მათ პატივს არ სცემს.
„საფრანგეთი მიყვარს, ამ ქვეყანაში ოთხი წელი გავატარე და ფრანგული ფეხბურთი მსოფლიო დონეზე ავიყვანე. მბაპე? მასზე არ ვღელავ, ის ნამდვილად მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კატარში არგენტინა მოიგებდა. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით კიდევ უფრო დაამახსოვრდებათ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს? როგორც პროფესიონალი, არ შემიძლია პატივი ვცე მათ, ვინც ასე იქცევა“, – განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ფეხბურთის სპეციალისტი, სემ ელარდაისი, „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებს.
„ევერტონში“ სურთ, რომ 68 წლის ელარდაისი კლუბს პრემიერლიგაში დარჩენაში დაეხმაროს, რის შემდეგაც შესაძლოა მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაზეც იფიქრონ.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ევერტონი“ ძალიან ცუდად ასპარეზობს. 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ 15 ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება.
ავტორი