ცნობილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის ვინაობა. რიგგარეშე, შიგაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მის კანდიდატურას მხარს ღიად უჭერდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის ორგანიზაციის წევრები. როგორია მათი დღევანდელი განწყობა და როგორ უყურებენ პარტიის მომავალს, ,,გურია ნიუსის ” ამ შეკითხვებზე პასუხობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ბიბილეიშვილი:
,,დასრულდა რიგგარეშე არჩევნები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც ამდენ ხანს არ მომხდარა საქართველოს პოლიტიკაში, რომ ოპოზიციურ პარტიას ჩაეტარებინოს რიგგარეშე არჩევნები, დემოკრატიულად და არჩევნების გზით აერჩიოს თავმჯდომარე. მართლაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პოლიტიკაში. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და იმ ძალისთვის, ვინც აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, აქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში მოვიდეს. უნდა შეეგუოს ჯერ პარტიის შიგნით არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიული გზით მოახდინოს შიგა პარტიული ხელმძღვანელობის არჩევა. იყო, რათქმაუნდა და სამწუხაროდ, ხარვეზები ჰქონდა ამ არჩევნებს, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ერთობამ, გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელსაც შეუძლია პარტიაში დიდი საქმის კეთება და რაზეც იყო ჩვენი ამომრჩევლის გულისწყვეტა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა მოძრაობაო, აი, ამ მოძრაობის დაბრუნება მოხერხდება შემდგომ, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ. ლევან ხაბეიშვილს მივულოცავ და ვიტყვი, რომ მან ამით ძალიან დიდი ლეგიტიმაცია მიიღო. 50 000 კაცი დაფიქსირდა ამ არჩევნებში. ეს რომ შევადაროთ, უდრის ნახევარი მილიონი კაცის ნების გამოხატვას. ასე რომ ველოდებით ძალიან დიდ ცვლილებებს პარტიაში. ვგულისხმობ მუშაობის, გეგმის ცვლილებას, მიდგომებს და ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.”
ავტორი