ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, გაუვალ ტყეში გიორგი მამალაძემ, ველური თაფლის ძებნის დროს სტელა იპოვა.
ცნობისთვის, გიორგი ერთ-ერთია, ვინც აბორიგენი ფუტკრის გადასარჩენად იბრძვის, მორფოლოგიურ კვლევებში იღებს მონაწილეობას და ქართული ფუტკრის, გურული პოპულაციის სელექციას ეწევა თავის საფუტკრეში.
როგორც არქეოლოგიის და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომელი ზურა გიორგაძე ამბობს, ერთი შეხედვით ეს სტელა არის რაღაცის სადგამი, ბაზისი სადაც, დგებოდა ქვის ჯვარი ასევე, სვეტიც ორნამენტირებული ან ორნამენტების გარეშე, ეს დამახასიათებელი იყო როგორც ქრისტიანობამდელი ანტიკური პერიოდის ნაგებობებისთვის.
_ ნებისმიერ შემთხვევაში კონტექსტის გარეშე მათი გააზრება იქნება არასწორი და რთულიც, თუ ახლო მდებარე ტერიტორიის მოკვლევა არ მოხდება. ეს იმის გააზრებაში დაგვეხმარებოდა თუ რა კონტექსტში შეიძლებოდა გააზრებულიყო თითეული, როგორც ჭანჭათში გაკეთებული აღმოჩენა ასევე, ხიდისთავში, – გვითხრა ზურა გიორგაძემ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე არქეოლოგის ან ხელოვნებათ მცოდნის ადგილზე ჩასვლაა საჭირო.
ხიდისთავში აღმოჩენილ სტელასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ შესაბამის ორგანოებს არ გააჩნიათ.
ინფორმაციისთვის, ეს გურიაში სტელას აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის.
2017-18 წლებში მონადირემ _ ზურიკო ჩიჩუამ ჭანჭათის გაუვალ ბორცვზე ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით ხუთი საუკუნით ადრე აღმართული ქვის სტელა აღმოაჩინა.
ზურიკომ ეს ამბავი ბიძას _ რომან ჩიჩუას უამბო, ისინი ერთად დაბრუნდნენ ტყეში ამ აღმოჩენის სანახავად, ქანდაკების თავი აიღეს მანქანაში მოათავსეს და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, პროფესორს _ ამირან კახიძეს ჩაუტანეს.
ბატონმა ამირანმა თბილისის ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკა ,რომელიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. ფაქტს ასევე ადასტურებს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის დირექტორი ნონა იმნაძე.
ავტორი