უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და მის პატიმრობას ეხმაურება. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუშვან უკრაინის მოქალაქის მოსანახულებლად.
ლუბინეცი აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა და ეს მიუღებელია!
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან. საქართველოს ომბუდსმენს რამდენჯერმე დავუკავშირდი და რამდენიმე წერილი მივწერე იუსტიციის სამინისტროს და პასუხი არ მიმიღია!
მოვითხოვ სასწრაფოდ გაუშვან სამკურნალოდ! ასევე მივმართავ უფლებადამცველ ყველა ინსტიტუტს, სასწრაფოდ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე!
უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ!“ – წერს დმიტრო ლუბინეცი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ.
მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილზე ძალადობა და გაათავისუფლონ. გარდა ამისა, ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის მსოფლიო ლიდერებს მიმართა.
ავტორი