2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მაუწყებლების პირდაპირი ეთერით საქართველოს მოსახლეობას აუწყა, რომ თბილისში, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორ რაულ იუსუპოვის ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი იყო რაულ იუსუპოვიც.
ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და პრემიერი მხუთავი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
ამ ტრაგედიიდან 17 წელია გასული, გარდაცვლილი მაღალჩინოსნის მეუღლეს, ნინო ჟვანიას კი უბედური შემთხვევის ვერსიის არ სჯერა.
„მე და ზურას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ არ იყო ღამე, როდესაც ჩვენ ერთად არ ვიყავით, ან ზუსტად არ ვიცოდი, სად იყო. ეს არ იყო ის ურთიერთობა, წავედი და კარგად იყავი. დააგვიანა მოსვლა, რომ დავიწყე რეკვა და 30-ჯერ დავრეკე, მერე წყნეთში თოვდა, ნახევარ გზაზე წყნეთიდან ფეხით წამოვედი. ღამის სამ საათზე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, რაც იქ მოხდა.
შემდეგ რამდენიმე დღე ვცდილობდი, მეზობლები გამომეკითხა. პრინციპში, როგორია გამოძიება, როცა მთელი სახელმწიფო შენს წინააღმდეგ მუშაობს. მაგრამ მარტივი შეკითხვები, როგორ მოხდა ეს ამბავი, მაშინ როცა ჟანგბადის რაოდენობა იყო ნორმალური, CO-ს შემცველობა არ იყო სასიკვდილო, როგორ მოხდა ეს ამბავი… “ – განაცხადა ნინო ჟვანიამ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.
წყარო: პრაიმტაიმი