გუშინ, ესპანურმა გამოცემამ „Elgoldigital“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „ვალენსიას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები გააჩნია და მათი გადაჭრის ერთ-ერთი გზა გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა იქნება. კლუბს ქართველი მეკარის შემცვლელიც მოძებნილი ჰყავს და ის ახლო წარსულში ცნობილი ესპანელი კარის დარაჯი სანტიაგო კანისარესის 20 წლის შვილი ლუკას კანისარესია.
„ვალენსიაში“ რთული მდგომარეობაა. ჯენარო გატუზოსთან ერთად, იმედისმომცემი სტარტის შემდეგ, სიტუაცია აირია და კლუბი გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულითღა უსწრებს. ამ ყველაფერს რთული ფინანსური სიტუაცია ემატება, რის გამოც კლუბი ტრანსფერების განხორციელებას ვეღარ ახერხებს და იტალიელი მწვრთნელის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა.
მას მერე, რაც „ვალენსიაში“ პიტერ ლიმი მივიდა, პრობლემები არსად წასულა. სინგაპურელი ბიზნესმენის ხელში კლუბმა ფაქტობრივად ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაუშვა და როგორც სჩანს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. როგორც სჩანს, შემდეგი სწორედ მამარდაშვილი იქნება და მას კიდევ რამდენიმე მოთამაშე მიჰყვება.
ბოლო ცნობებით, „ვალენსიაში“ ფინანსური სიტუაცია სულ უფრო უარესი ხდება და გაჩნდა ხმები, რომ საფრთხე უკვე ფეხბურთელების ხელფასებს ემუქრება. ამ ფონზე ერთადერთი გამოსავალი იმ ფეხბურთელების გაყიდვაა, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნა არსებობს.
უდავოა, რომ ამ დროისთვის კლუბის საუკეთესო აქტივი ქართველი მეკარეა, თუმცა, ყურადღებას იმსახურებენ უგო გილიამონი, ხოსე ლუის გაია და იუნუს მუსაც.
თუ მამარდაშვილის საკითხს განვიხილავთ, ამჟამად, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა, მის სანაცვლოდ კი, კლუბი თანახმაა გაცილებით ნაკლები ღირებულების მეკარე მიიყვანოს. შემცვლელის ვინაობა უკვე სახელდება: ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერის სანტიაგო კანისარესის ვაჟი ლუკასი“ – დაწერა გუშინ ესპანურმა გამოცემამ.
გუშინ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ჩემთვის ეს „ნაპოლი“ ბოლო 30 წლის ყველაზე დიდი სიურპრიზია. ნეაპოლური კლუბი ყველაზე ლამაზი რეალობაა ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ტოპლიგებში. სეზონის დასაწყისში „ნაპოლი“ ქაღალდზე მეოთხე გუნდი იყო, რადგან გუნდმა კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი და სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგა. ახალწვეულებთან მიმართებაშიც არსებობდა კითხვის ნიშნები, ოსიმენი ტრავმისგან ახალი გამოჯანმრთელებული იყო, ლობოტკა ხშირად არ თამაშობდა.
სპალეტიმ საოცარი სამუშაო შეასრულა. „ნაპოლი“ ევროპის დონეზეც კი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და მწვრთნელის დამსახურება აშკარაა, როგორც ტექნიკურ, ისე ადამიანურ ფაქტორებში. მან შეძლო უბრალოდ კარგი ფეხბურთელები გადაექცია მაღალი ღირებულების ფეხბურთელებად, რომელთა ფასი ახლა 100 მილიონს უტოლდება. გავიხსენოთ, რომ სახელფასო ბიუჯეტით „ნაპოლი“ იტალიაში მხოლოდ მეექვსე გუნდია, მაგრამ ისინი წარმოუდგენლად თამაშობენ. არ ვიცი, ოდესმე 21 ტურის შემდეგ რომელიმე გუნდს 56 ქულა ჰქონდა თუ არა. ლობოტკა მხოლოდ ერთ არაზუსტ პასს აკეთებს და ისიც მე-80 წუთის შემდეგ, კიმი, თითქოს, მთვარეზეა და კულიბალი ყველას დაავიწყა, რომელიც ჩელსის სკამზე ზის, ზუსტად ასე, კვარამ ნეაპოლს ინსინიე დაავიწყა“, – განაცხადა ანტონიო კასანომ.
რამდენიმე დღის წინ იტალიის პირველობის მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სპეცია“ დაამარცხა – 3:0. აღმოჩნდა რომ, ვიქტორ ოსიმენმა კი თავისი პირველი გოლის დროს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.
როგორც გაირკვა, გოლის მომენტში ნიგერიელი თავდამსხმელი 2.58 მეტრზე ახტა და ისე მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა, რითაც რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.
კრიშტიანუ რონალდუმ 2019 წელს „იუვენტუსის“ რიგებში „სამპდორიას“ წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს 2.56 მეტრზე ახტა.
გუშინ, ინგლისურმა გამოცემამ „Daily Mail“ გაავრცელა ცნობა, რომ კატარელი ინვესტორები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას გეგმავენ.
ინვესტორების ზუსტი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს ადამიანები მაღალ შემოსავლიან ინვესტორთა ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებმაც 2022 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობაში დიდი როლი შეიტანეს.
გასული წლის ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელმა მფლობელებმა, გლეიზერებმა განაცხადეს, რომ კლუბის გაყიდვის შესაძლებლობებს ოფიციალურად განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება სარფიანი იქნება.
ცოტა ხნის წინ კლუბის შეძენის თაობაზე შეთავაზება ქიმიური კომპანიის, „Ineos“-ის მფლობელმა და ბრიტანეთის ყველაზე მდიდარმა მამაკაცმა, სერ ჯიმ რეტკლიფმაც გააკეთა.
ავტორი