პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილის მიერ (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსის დამარცხების და საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ, ერთ-ერთმა მაყურებელმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა, საქართველოს დროშა ააფრიალა. როგორც აღმოჩნდა, ეს ახალგაზრდა კაცი აფხაზეთიდან დევნილი გოგიტა შამუგიაა.
“მაშინ 13 წლის ვიყავი. ჩემი ესპანეთში ჩამოსვლა აფხაზეთის ომში დატრიალებულმა სიტუაციამ განაპირობა, სადაც აფხაზებმა მამა მომიკლეს. 1997 წელს ექსპედიციაში მოვხვდი და 2 თვით ესპანელ მოხალისე ოჯახში უნდა მეცხოვრა.
შემდეგ ისევ ჩემს სოფელში დავბრუნდი .
1998 წლის მარტში, ისევ ქართველების წმენდა დაიწყეს, გადაგვიწვეს სახლი… ძმები, მეზობლები დახვრიტეს. ეს ესპანელმა ოჯახმა რომ გაიგო, შემომთავაზეს, რომ მათთან დედასთან ერთად წავსულიყავი, სადაც 1 წელი ვიცხოვრეთ. შემდეგ მათი დახმარებით, სახლი ავიღეთ, სადაც ახლა ვცხოვრობთ.
შევქმენი ქართული ოჯახი, ჩემი მეუღლე სოხუმელია. გვყავს დავითი და 7 წლის გაბრიელი. ვცდილობთ, რომ ოჯახში პატარა საქართველო შევუქმნათ.
20 წლის ვიყავი, სახელმწიფო სტრუქტურაში, რკინიგზაში რომ დავიწყე მუშაობა, ყველა მეხმარებოდა. ყველაზე რთული, დიდი ტკივილი იყო ნოსტალგია.
სხვანაირად ვერ ვუხსნიდი ესპანელებს, სად იყო საქართველო და ჩემთვის ძიუდო იყო სიმბოლო. 10 თებერვალს დავითის დაბადების დღეა და მთხოვა, ქართველი ძიუდოისტები გამაცანიო. წავედით პარიზის გრან სლემზე და ჩემი ბავშვობის ოცნება ჩემს შვილთან ერთად ავიხდინე.
იქ მხოლოდ და მხოლოდ ფრანგული დროშები შეიძლებოდა რომ აგეფრიალებინა, ასეთი მოთხოვნა იყო. პირველ დღეს რომ მივედი, დაცვასთან ცოტა გაუგებრობა მქონდა, ბავშვისთვის და ჩემთვის დროშის მოხსნა უნდოდათ. ადამიანურად ვუთხარი, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ამ დროშისთვის მამაჩემი მოკლეს-მეთქი. მოდი რა, უნდა დავიცვა ეს დროშა, აღარ წამართვა თქო… მეორე დღეს მითხრეს სულ დროშით ნუ იდგებიო. მათ თვალში ალბათ ზედმეტად ვიაქტიურე… მეც 13 წლის ვიყავი და ჩემს შვილთან ერთად ოცნებას ვიხდენდი…
ჩემთვის ყველა ქართველი იყო, ვინც ტაშს უკრავდა. მე საქართველოში ვიყავი, მე აფხაზეთში ვიყავი… რომ ვხარობდი, მამაჩემის საფლავი…. ყველაფერი ერთად მომაწვა. ეს მოგონილი არ არის, ეს ის ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, _ თქვა გოგიტამ „კრისტალ სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.