ერთობ მზიანი წლევანდელი ზამთრის შემყურე გურიის მოსახლეობა საგაზაფხულო სამზადისზე ფიქრობს. თან განსაკუთრებით იმაზე ბრაზობენ აქაურები, რომ ასეთ ამინდში არ აქვთ საშუალება, მიხედონ ეზო-გარემოს, შეაკეთონ მორღვეული ღობეები ან სულაც თავიდან შეღობონ _ მათ საამისო სახსარი არ გააჩნიათ.
უმეტესად წუწუნებენ იმაზე, რომ პროდუქტი არნახულად გაძვირებულია; რომ ყანების დათესვა რადგან ვერ მოახერხეს, უკვე შედეგებს იმკიან; რომ მორღვეულ ღობეებში ჩატეხილ-ჩამპალი მესრის შეკეთება არ კმარა. ამ მესერსაც ვეღარ აკეთებენ, რადგან მათივე თქმით, “ძირადაც აღარაა ამდენი წაბლი და აკაცია, რომლისგანაც ადრეულ წლებში გამძლეობით ცნობილ სარებს ამზადებდნენ”.
გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, რომელ სოფელშიც უნდა მოხვდეთ ან უბრალოდ, სოფლის სამარშრუტო სამგზავრო ტრანსპორტში ახვიდეთ, ყველგან არსებულ ეკონომიკურ გასაჭირზე საუბარს მოისმენთ. ზოგადად, აქცენტი გამახვილებულია პროდუქტის, პურის ფქვილის ფასის ზრდაზე. “ვერ დავთესეთ ყანები და კი გახდა ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი 5 ლარი!” “მჭადი რომ გვქონდეს, პურის ფქვილსაც არ დაადებდნენ ამხელა ფასს!” “ჩვენს ზურგზე ხომ უნდა გამდიდრდნენ და იშოვეს დრო!” “უარესობაა, აშკარად!” _ ასეთი შინაარსის საუბარი ყველგან ისმის.
როცა ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე, კონკრეტულად კი პურის ფქვილსა და მჭადზე საუბრობს, “გურია ნიუსი” შეეცადა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთა აზრი კიდე ერთხელ შეესწავლა და ამავე დროს, არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე , წარმატებულ ფერმერებთან ესაუბრა.
“არაფერი ისე არ მაწუხებს, როგორც ოჯახისთვის, შვილებისთვის პურის მიწოდებაზე ფიქრი. პური ზოგადად საკვებ პროდუქტებსაც გულისხმობს, თუმცა, ის აუცილებელი პროდუქტია და თუ გაქვს, მაინც იმედიანად ხარ. შეიარე, რომელ სოფელში არ უჭირს ხალხს. რანაირად დავთესო ყანა? 50 ლარი გახდა ერთი ტომარა სასუქი. ახლა მუშა თქვი, მერე საწვავი, ტრაქტორი… ასეთი გასაჭირი დახვნა-დათესვაზე 90-იან წლებში არ ყოფილა. პურის ფქვილს რა ნამუსით აძვირებენ? ლარმა ხომ გაიმყარა კურსი? ხომ იძახიან ტელევიზორში? მერე? ჩვენ რაზე გვეტყობა? თუ გამყარდა და გამაგრდა, ფასები რატომ იზრდება ან რატომ არ იკლებს და არის გაჩიჩინებული ძველებურად? რომ ვსუნთქავთ და ვმოძრაობთ და შინ ლუკმა პურის მიტანას ვცდილობთ, იქნებ, დალხინებული ვგონივართ?” _ გვეუბნება ოზურგეთელი ნარი ჩახუნაშვილი.
“რა უნდა გითხრათ? ყანას რომ კაცი ვერ შეღობავს, ის კაცი მკვდარია. შესაღობი მაქვს… ათ მეტრი სიგრძის “სეტკა” ღირს 180 ლარი. გაფუჭდა 25 წლის წინანდელი და მერე პერიოდულად შენაკეთები ღობეები. ზოგან შიფერი გვაქვს აყუდებული და მიმაგრებული, ღორი რომ არ შემოძვრეს, ზოგან კიდე _ “ჟეშტი”. კბილიან მავთულს რომ ეძახიან, უნდა ნახოთ, რა ხარისხისაა. რომ არ მოგვწონდა იმ კომუნისტებისდროინდელი კბილიანი მავთული, თუ სადმეა შემორჩენილი, კიდევ ის ამაგრებს ღობეს. ახლა რომ დევს ბაზრობაზე, ტყუილად რომ მოგცენ, არ უნდა წამოიღო შინ. ერთხელ მიაწვება კაი ნაპატიები ძროხა და ჩამოყრის ძირს ან ძაფივით გაწყვეტს. ეგაა მავთული, თან კბილიანი?” _ გვეუბნება სოფელ ბახვის მცხოვრები ვახტანგ ყურაშვილი.
ამავე სოფლის მცხოვრები ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ სოფლიდან შორს, ჩალიანის ტერიტორიაზე ჰქონდა საყანე ფართობი. ახლაც აქვს, მაგრამ დათესვა შეუძლებელი გახდა, რადგან ღობეები დაზიანებულია. დახვნა და დათესვა კი წარმოუდგენლად გაძვირდა:
“შარშან 1200 კვ. მეტრი საყანე ფართობის დახვნა-დათესვაში 150 ლარი გადავიხადე. დანარჩენი? სასუქი, გათოხნა, მოტეხვა, მოსავლის დაბინავება. ადრე ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა. ახლა მომხმარეც არავინაა. ტრაქტორი სადღაა? ერთი თუ გამოჩნდა, უნდა უცადო, როდის მოგიწევს რიგი… ხალხის ათი პროცენტი თუ თესავს, მაგრამ მაინც… ზოგმა ხელის მოტობლოკი შეიძინა და რაღაცას წვალობენ. ამინდმაც გვიმტყუნა. რა გინდა, რომ ქნა? ნეტა, ვიცოდე, არის სადმე ნორმალური ქვეყანა, რომლის სოფლის მოსახლეობა ასეთ გასაჭირშია? რა ვიცი…” _ გვეუბნება ის.
ნათელა ვაშალომიძე ამბობს, რომ ორი ჰექტარი მიწა აქვს საკუთრებაში. აქედან ერთ ჰექტარზე სიმინდს მეზობლები თესავდნენ:
“რომ არ გატყიურდეს მიწა, ეკალ-ბარდს მირჩევნია, ისარგებლოს მეზობელმა. აქამდე კი თესავდნენ, წელს კი მითხრეს, რომ აღარ დათესავენ. ისე ძვირი დაგვიჯდა, გვირჩევნია იმ ფულით ბაზარში ვიყიდოთ მარცვალიო. თუმცა, იმ ბაზარშიც ვინ მოიტანს? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკვე ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასი 5 ლარამდეა გაზრდილი? ახლა ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ სოფლებში ხალხი დამოკიდებული იყო სიმინდის მოსავალზე. წინ მართლა გაურკვევლობა გველოდება. თქვენ გაქვთ იმედი, რომ კარს მომდგარ გაზაფხულზე ხალხი შეძლებს ყანების დათესვას?” _ კითხვა შემოგვიბრუნა ქალბატონმა ნათელამ.
სოფელ ქაქუთის (ჭანიეთის თემი) მცხოვრები ლამზირა გიორგაძე:
“ძლივს გავზარდე ორი ღორი. ერთი გასაყიდად მინდოდა. მოვიდნენ და ერთი კილოგრამი ცოცხალი წონის ჩაბარებას ხუთ ლარად მთხოვდნენ, თვითონ 18 ლარად ყიდიან ერთ კილოგრამს. ახლა ვინმე მეტყვის, შენ დაკალი და გაყიდეო. სად გავყიდო? სოფელში ხალხს ფული არ აქვს. უნდა მისცე ნისიად და მერე უნდა სდიო. ქალაქში დაკლულს ვერ ჩაიტან. ჯერ სასაკლაოზე უნდა წაიყვანო, ცნობა, ყასაბი… გადაიტანე, გადმოიტანე და რა გრჩება? ყოველდღიურად უკან მიდის საქმე და უფრო მეტი ეკონომიკური გაჭირვება გვადგას. ფასები მაინც არ იზრდებოდეს. ხალხს ძლივს გაგვაქვს თავი”, _ ამბობს ქალბატონი ლამზირა.
“შემოიტანეს და გააშენეს მოცვი. ვინ დასაქმდა, რამდენი ადამიანი? ზღვაში წვეთია, ხომ? ხალხი ჩაის კრეფდა. კი ვიღლებოდით, მაგრამ გასხვლაში, გათოხნაში, სასუქის მიყრაში _ ყველაფერში ფულს გვიხდიდნენ. ვის ეშინოდა, პურის ფული ან პური არ მექნება ხვალ დილითო? იტყვი და ვიღაც პირში შემოგახტება, ავადსახსენებელი კომუნისტებიო. კარგად სახსენებელი პარტია დამანახონ. საშველი გაგვიჩინონ და სახელი არ მაინტერესებს”, _ გვეუბნება კონჭკათის მკვიდრი მზია ღლონტი.
“სტიქიაც ჩვენს გულზე და თავზე გადავლას ცდილობს. ბავშვობაშიც მახსოვს დიდთოვლობა, უშუქობა, მაგრამ არავის ეშინოდა, სახლი თავღია დამრჩება ან პურის ფულის შოვნა გამიჭირდებაო. ჩვენს სახლს გადააძრო სახურავი ქარმა და კი გვპირდებიან დახმარებას, მაგრამ ახლა ცას შევყურებ და ვლოცულობ, არ გაწვიმდეს ან არ დაუბეროს ისევ და ეს ნათხოვარი “ბრეზენტი” არ გადააძროს. ზოგადად, სოფლის მცხოვრებლებს, საშუალო ფენას, თუ კი არსებობს ეს ფენა, საშუალოდ კი არა, ნაწილობრივაც არ აქვს ნორმალური ცხოვრების საშუალება. ხალხი თუ სულდგმულობს, 80% მიბმულია ბანკებზე, რომლებსაც დაუნდობელი მევახშე უფრო უნდა ეწოდოს. ვინ გაგვცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არ უნდა გაიაფდეს ცოტათი მაინც პური და შაქარი? თხილის პროგრამა დაიწყეს, რაღაცას ახალს გვთავაზობენ, რომელიც დავიწყებული ძველი უნდა იყოს. ჰა, ბატონო, ვნახოთ შედეგი შემოდგომაზე”, _ ამბობს სოფელ მერიის მკვიდრი ირმა ლაბაძე.
“რა გითხრეს სხვა სოფლებში? როგორც ხედავთ, ძირითადად ერთსა იმავე გასაჭირზე საუბრობს ხალხი. ანუ, სიმართლეს ამბობენ. სოფლის გამგეობის ეზოს კი აქვს კარგი რკინის მესერი. ზოგან წაქცეულია და მაგის გასწორება კი არის შესაძლებელი. რატომ ვერ ახერხებენ, ეს არ ვიცი”, _ იღიმება ბახველი ვახტანგ კაპანაძე.
ახლახან ტელეეთერით, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის არნახულ წარმატებაზე, საზეიმო განწყობით ესაუბრა. თქვა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობამ 2012 წლიდან აღორძინება დაიწყო და მილიარდ 122 ათასი ლარის ღირებულებისაა მონაგარი, რაც შემოვიდა სოფლის მეურნეობიდან. მერე კი საზღვარგარეთ, საერთაშორისო ბაზრებზე გატანა გახდა შესაძლებელიო! განსაკუთრებით ღვინის ექსპორტს გაუსვა ხაზი. ასევე თქვა, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციამ უკვე ხუთ მილიარდს გადააჭარბაო!
“ნეტავ, რა გაყიდა ხანიშვილმა უცხოეთში? თხილის მოსავალი ჩავარდა. ვნახეთ, რა ფასი და ხარისხი ჰქონდა. ციტრუსი არ იყო, სიმინდი არ იყო… ჩაი ისეც ცოტაა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ცოტა მოვკრიფეთ. ღვინო ახსენა, ბატონო? დასავლეთ საქართველოში რა რაოდენობა აქვს? მარტო აღმოსავლეთ საქართველოდან გაიტანეს? რა ნახა განსაკუთრებით საექსპორტო, რომ ასეთ “მონაგარზე” საუბრობს?” _ ამბობს სოფელ ქვედა ბახვის მკვიდრი, წარმატებული მეურნე დავით თენიეშვილი და საკუთარ თვალსაზრისს გვთავაზობს, თუ რა უშველის დღითი-დღე გაღარიბებისკენ მიმავალ სოფელს, რომელსაც, მისივე თქმით, მინისტრის მოადგილე წინ წასულად გვიხატავს:
“ვცხოვრობ სოფელში და სამეურნეო საქმიანობაში მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. ამიტომ კარგად მესმის და სწორად ვხედავ იგივე პრობლემას, რაზეც ხალხის გადმოსახედიდან მესაუბრებით. ნამდვილად უკიდურეს მდგომარეობაშია სოფელი, აქ მცხოვრები ხალხი და მათ სერიოზული დახმარება სჭირდებათ. დავიწყოთ ამ მოსამადლიერებელი ღონისძიებებით. მაგალითად, რასაც ვთქვათ, თხილის ასაღორძინებელი სუბსიდირება დაარქვეს. საერთოდ არ არის ეს სუბსიდია საჭირო და იცით რატომ? ადამიანმა არ იცის, რა სახეობის წამლით დაამუშავოს თავისი პლანტაცია. მე ღიად, არაერთხელ ვეუბნები სოფლების გამგებლებს, რომ ნუ იზამენ ისეთ საქმეს, რასაც ერთჯერადად ხალხის მომადლიერება ჰქვია, რაც საბოლოოდ უმადურს დატოვებს მათ!
რომ შეიცვალოს მიდგომა, საჭიროა ხარისხიანი შხამქიმიკატი! ამის პასუხისმგებელი კი ჯერ ვერავინ ხდება! შემომტანია ორი ან სამი სუბიექტი, პირობითად, გადამყიდველია სამასი! ვიცი ასეთი ოჯახები, ექვსჯერ შეწამლეს და შედეგი საშუალოც არ დადგა.
ასეთი სუბსიდია წყალშია გადაყრილი და აგერ ნახავთ, თუ ერთი პროცენტითაც გამოკეთდება თხილის საქმე ასეთი მიდგომით. დიდი პრობლემაა ხარისხიანი შესაწამლი პრეპარატები და ადვილად ნურავინ უყურებს ამ საქმეს! არაერთხელ მითქვამს თვით გელა ხანიშვილთან, ანასეულის შეხვედრებზე, სადაც ბოლომდე არც გვისმენდნენ, როცა პრობლემებზე ვსაუბრობდით. იტყვიან, აწერია შესაწამლ პრეპარატებს, ვადების და ხარისხის შესახებ, ინსტრუქცია ახლავსო. კიდევ ერთს ვიტყვი _ არსებობს სარწმუნო წყაროები, რომ თვით უცხოეთში ვადაგასული ან შედარებით დაბალი ხარისხის პრეპარატების თავიდან გადაფუთვა ხდება. ცალკეული პირები კი, ვისაც შემოაქვს, ამაზე ხელს ითბობენ. თუ ეს სიცრუეა, მაშინ ხალხს ეჭვი არ უნდა გაუმყარდეს იმით, რომ შეწამლული თხილის პლანტაციას, გაუმჯობესების არაფერი ეტყობა”, _ ამბობს დავით თენიეშვილი.
იგი, ასევე ხაზგასმით საუბრობს ფასების ზრდის ანარქიულ პროცესზე, რაც ყოველდღე აუარესებს ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის ხარისხს. აქვს საკუთარი მოსაზრება, როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ადამიანებს, რომ მათ გაუჩნდეთ შრომის სურვილი, როცა ნორმალური შემოსავლის მიღების შანსი ექნებათ და თუნდაც გაძვირებული პროდუქტის ყიდვის არ შეეშინდებათ:
“არ შემეშინდება თქმა. ერთი მინისტრის მოადგილეს არ ერიდება ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა! სოფლის მეურნეობა ცენტრალიზებული მართვით და ტყუილებით, რომ მილიარდების მონაგარი აქვს წლიურად, ვერ განვითარდება! აუცილებელია ადგილობრივი მართვა. გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხები ისევე უნდა დაუშვან აქაც, როგორც აკეთებენ წარმატებულ ქვეყნებში. დაგვიანებულია დახმარება და ტყუილებით ამძიმებენ მეწარმეების, მეურნეების ყოფას. ადამიანს , მშრომელ კაცს სჭირდება დახმარება, როგორც ვთქვი, გრძელვადიანი, ვთქვათ, ათწლიანი სესხი. მერე კი თვითონ აირჩევს, თხილი გააშენოს, დაფნა თუ პავლოვნია. თუ გვინდა ნორმალური დღის წესრიგი ამ მხრივ, ადამიანი მიდის ბანკში. სთავაზობს მას ბიზნესიდეას, რომელსაც შეისწავლიან. მერე კი აძლევენ სესხს, რომლის გადახდა მეოთხე წლიდან იწყება. პროცენტი კი არის 0, 1%. სხვა საკითხია და ცალკე თემაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაბალი განათლება, რომელზეც გათვლილი შედეგით უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. და არა ხალხისადმი იმ მიდგომით, ზემოთ რომ ვთქვი _ მხოლოდ მის მოსამადლიერებლად, ვთქვათ, არჩევნებიდან არჩევნებამდე”.
დავით თენიეშვილმა არა ერთ არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მაგალითად, თუ როგორ ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ერევა ბიზნესში, კერძო საკუთრებაში. ისე კი უამრავჯერ ურეკავენ მეწარმეს, თუ რამდენი ჩაი მოკრიფა, რამდენი ძირი თხილი თუ კივი აქვს და ასე შემდეგ…
“ასე ადგენენ სტატისტიკას და მერე რაღაცას ანგარიშობენ და ამბობენ, რომ ამდენი და ამდენი მოსავალი აქვთ. ამას ჰქვია სოფლის მეურნეობის განვითარება?” _ თქვა დავით თენიეშვილმა და გამოთქვა მზადყოფნა, სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, რეგიონში დაიწყოს მოძრაობა. შეიკრიბონ წარმატებული, მშრომელი ადამიანები და მიაწოდონ საკუთარი მოსაზრება, როგორც სამინისტროს, ისე საქართველოს მთავრობას.
ავტორი