საქართველოში, საინფორმაციო სივრცეში ნეგატიური და ტრაგიკული ამბები თითქმის ყველაფერს ფარავს; ამიტომ, დღეს განსაკუთრებული სიამოვნებით შემოგთავაზებთ ქართველი ახალგაზრდის დიდი წარმატების ამბავს _ ლუკა გიორგის ძე სიხარულიძემ ერასმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, “ღვინის ტურიზმი და ინოვაცია (International Master on Wine Tourism Innovation (WINTOUR)“ სრული დაფინანსება მოიპოვა და სხვადასხვა კონტინენტიდან რჩეულ რამდენიმე ახალგაზრდას შორის მოხვდა.
ლუკამ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის საბაკალავრო პროგრამა 2021 წელს წარმატებით დაასრულა. სწავლისას, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციასა და საზაფხულო სკოლის მუშაობაში; წარმატებით ჩააბარა და დაასრულა საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საზაფხულო სკოლა Polytech FLOW.
უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო ხარისხის დაცვა გადაწყვიტა. სრული დაფინანსების მოსაპოვებლად გაიარა რამდენიმეეტაპიანი კონკურსი და სხვადასხვა კონტინენტიდან 1000-ზე მეტ საბოლოო აპლიკანტს შორის მოხვდა. შემდეგ კი, გამარჯვებულ რამდენიმე რჩეულს შორის აღმოჩნდა. ეს არაჩვეულებრივი წარმატება, ქართველ ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს 2022-2024 სასწავლო წლებში ევროპული მეღვინეობის საუკეთესო პრაქტიკას სამ ქვეყანაში დაეუფლოს, რადგან აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის თითოეული სემესტრი ხორციელდება სამ წამყვან უნივერსიტეტში: Rovira i Virgili University – ტარაგონა, ესპანეთი; Isvv – Science Institute of Vine and WineUniversity of Bordeaux (ბორდოს უნივერსიტეტის მევენახეობის და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი) – ბორდო, საფრანგეთი; University of Porto – პორტო, პორტუგალია. ორწლიანი სწავლის ბოლო სემესტრი კი დაეთმობა სამაგისტრო ნაშრომსა და პროფესიულ სტაჟირებას ევროპაში მოღვაწე ღვინის საუკეთესო კომპანიებსა და ვენახებში.
ლუკამ უკვე წარმატებით დახურა პირველი სემესტრი ესპანეთში; გაეცნო ესპანეთის საუკეთესო მარნებს, ტერუარებს, ქვეყნის გამოცდილებას და ახლა საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო მექაში – ბორდოში აგრძელებს სწავლას.
ერასმუსის აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია, რადგან ჩამოთვლილთაგან სამივე ქვეყანდა და ქალაქი გამოირჩევა მეღვინეობის საუკუნოვანი ტრადიციებით, არის UNESCO-ს მემკვიდრეობის სიაში, და წლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. ამას გარდა, ჩამოთვლილი უნივერსიტეტები გამოირჩევიან ინოვაციური, კვლევითი და აკადემიური მიღწევებით და აერთიანებენ საუკეთესო სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულები ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიაში და შესთავაზოს მათ პრაქტიკული, მრავალფეროვანი კურსები, მულტი-სექტორული ცოდნა და საჭირო უნარები. პროგრამაში შემავალი კურსები მოიცავს, როგორც მეღვინეობისა და მევენახეობის სიღრმისეულ მოდულებს, მაგალითად „შუშხუნა ღვინის წარმოება“, „ესპანური ღვინის რეგიონები და კულტურა“, „ღვინის დაგემოვნება და საჭმელთან დაწყვილება“, ასევე, მეღვინეობის სფეროში მართვისა და მეწარმეობის ზოგად მოდულებს: “ღვინის ტურიზმის მარკეტინგი და კომუნიკაციის ხელოვნება”, “ღონისძიებების მენეჯმენტი“.
აღსანიშნავია, რომ ლუკას მიერ მოპოვებული დაფინანსება მოიცავს არა მხოლოდ სამივე უნივერსიტეტში სწავლის სრულ საფასურს, არამედ ყოველთვიურ სტიპენდიას, მგზავრობის, საცხოვრებლის და სხვა აუცილებელ ხარჯებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართველი ახალგაზრდისათვის, რადგან ლუკას ოჯახს უკვე ერთი წელია დიდ სიძნელესთან გამკლავება უხდება – ლუკას დედას, ია მამალაძეს, რომელიც “გურია ნიუსის“ გამომცემელია, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ოჯახს ფინანური პრობლემაც მძიმედ დააწვა. ათასობით ადამიანის უანგარო თანადგომამ მკურნალობის დასაფინანსებლად, იმედი გააჩინა, რომ შედეგი წარმატებული იქნება.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, იმედია, ჩვენს ქვეყანასაც დასჭირდება, რომ საამაყო ქართველმა ახალგაზრდამ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში გამოიყენოს და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს მოარგოს. ლუკას საოჯახო მარანი და ბრენდი „Winekeep“ (My Hamily-ის სასმელების ხაზი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში მდებარეობს. „Winekeep“-ის ცოლიკაურის, ალადასტურისა და სხვა ქართული ჯიშებისგან დამზადებულმა ღვინოებმა, ჭაჭამ და ხილის არაყმა რამდენჯერმე მოიპოვა პოპულარობა ქვეყნის მასშტაბით ღვინის ფესტივალებსა და ღონისძიებებზე.
ავტორი