ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ მადრიდის „რეალი“ საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას მოყვა იტალიური კლუბის პრეზიდენტის განცხადება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ქართველის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს. როგორც ჩანს ესპანელები ფარ-ხმალის დაყრას კატეგორიულად არ აპირებენ.
გუშინ გამოცემამ „Cadena Ser“ საინტერესო ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა რომ „რეალის“ უპირველი სამიზნე მიმდინარე წლის ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი იქნება, მაგრამ გერმანელები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ და ინგლისელს ბევრი მსურველიც ჰყავს, რის გამოც ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება. მის ალტერნატივად კი ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ, რომელიც ბელინგემისგან სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს. საინტერესოა, რომ მადრიდულ გუნდში ხვიჩას პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი თამაშობს, რომელზეც „რეალში“ დიდ იმედებს ამყარებენ.
გუშინ, ბრიტანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია რომ ქართველი შემტევით „ნიუკასლი“ კვლავინდებურად დაინტერესებულია და მიმდინარე წლის ზაფხულში ყველაფერს იღონებს რომ თავისთან გადაიყვანოს.
„ნიუკასლს“ ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს თემურ ქეცბაიას სახით, ამჯერად კი ისინი სხვა გუნდებისთვის ეცდებიან კონკურენციის გაწევას კვარაცხელიას შესაძენად.
გუშინ, წარსულში პოპულარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტის შესახებ ისაუბრა.
„კვარაცხელია და ოსიმენი ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დუეტია. ძალიან მომწონს ისინი სათამაშო ჰარმონიით, თუ როგორ უტევენ სივრცეებსა და სიღრმეებში და როგორ ასრულებენ დიდ გუნდურ სამუშაოს“, – განაცხადა სანდრო მაცოლამ.
სანდრო მაცოლა წინა საუკუნის 70-იანი წლებში იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. ის მილანის „ინტერის“ ცოცხალი ლეგენდაა.
გუშინ სერბულ მასმედიაში საინტერესო „ნიუსი“ გაჟღერდა – საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუკავშირეს.
ბელგრადული გუნდი მომდევნო სეზონში მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ისახავს, რისთვისაც შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება.
მიქაუტაძეს „მეცთან“ ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მას კომპენსაციის გარეშე არ შეელევა. გიორგის იტალიურ კლუბებს, „ჯენოასა“ და „უდინეზესაც“ უკავშირებენ.
თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კი შესაძლოა „ტრაბზონსპორში“ გადავიდეს. 28 წლის ქართველი ფეხბურთელის იჯარაზე (სეზონის ბოლომდე) თურქეთის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობამ შეთავაზება უკვე გააკეთა. საბას გარდა, ტრაბზონელებს „ჰატაისპორიდან“ აიუბ ელ კააბის გადაბირებაც სურთ.
„ჰატაისპორი“ ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატს ჩაეხსნა, ამიტომაც, ფეხბურთელები დიდი ალბათობით, ზაფხულამდე გუნდს შეიცვლიან.
„ტრაბზონსპორი“ თურქეთის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა მიმდინარე სეზონში 38 ქულით მეექვსე ადგილზეა. საბა ლობჟანიძემ „ჰატაისპორში“ დღემდე 61-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ „კარლსრუეში“ პირველი მატჩი „მუჩელბახის“ წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში ჩაატარა.
ზივზივაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს კარგი გარღვევა შემოგვთავაზა, თუმცა შეტევა გოლით ვეღარ დაასრულა. იგი შესვენებაზე შეცვალეს. შეხვედრა მისმა „კარლსრუემ“ 3:0 მოიგო.
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
„კარლსრუე“ 20 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს გუნდი 19 თებერვალს, „ზანდჰაუზენის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და ივარაუდება, რომ ზივზივაძის ოფიციალური დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგება.
ავტორი