გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელი გამოცემას „CalcioNapoli24“-ს ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.
„ხვიჩას მხოლოდ მე წარმოვადგენ. მას ურთიერთობა ჩემთან და მამამისთან აქვს და არ არსებობს მესამე პირი, როგორც ესპანურ მედიაში წერენ. კვარას არანაირი კავშირი არ აქვს ბრიტანულ სააგენტო „Base“-სთან, ეს ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება, ხვიჩა ამ უწყებასთან არაფერ შუაშია. სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი არის, თუმცა კვარა მხოლოდ სკუდეტოს მოგებაზე და „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ფიქრობს.
ის ზრუნავს, რომ ნეაპოლის ხალხს ბედნიერება მოუტანოს. კვარას უყვარს ნეაპოლი. მან მითხრა, რომ საკუთარ თავს ფეხბურთის კუთხით იტალიაში მხოლოდ „ნაპოლის“ მაისურით ხედავს და სხვა იტალიურ კლუბში არასოდეს ითამაშებს, რადგან ნეაპოლი მისი სახლია.
ამ მომენტისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შემოთავაზებები არ მიგვიღია, თუმცა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ რაიმე ახალი მოხდება, აუცილებლად შეიტყობთ“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.
გუშინ ნეაპოლური კლუბის შესახებ, ახლო წარსულში ავსტრიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გეორგი გარიჩსმა ისაუბრა.
„ნაპოლიში“ განვიცადე „სერია B“-დან „სერია A“-ში გადასვლის ემოცია და უნდა ვთქვა, რომ მაშინ ქალაქი სიხარულისგან გაგიჟდა. ეს რაღაც მართლაც წარმოუდგენელი იყო, ძნელი ასახსნელია. უბრალოდ წარმომიდგენია, ვინაიდან ვიცნობ ნეაპოლს და ნეაპოლიტანელებს, რა მოხდება სკუდეტოს მოგების შემთხვევაში. გულშემატკივრებს გუნდი ძალიან განსხვავებულად და ღრმა განცდით უყვართ. ამის აღწერა და ინტერპრეტაცია ადვილი არ არის, ეს უნდა გამოცადო, ბოლომდე რომ გაიგო“.
გეორგი გარიჩსი „ნაპოლიში“ 2006-2008 წლებში თამაშობდა და სწორედ 2007 წელს დაბრუნდა კლუბი „სერია A“-ში.
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 16 ტურით ადრე, სტატისტიკის სააგენტომ „Opta“ ჩატარებული ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლის“ ჩემპიონობის შანსი 99,46 პროცენტია.
სააგენტოს პროგნოზი დაფუძნებულია გუნდის გამარჯვებების, წაგებების, ქულების, გატანილი და გაშვებული გოლების ანალიზზე. ასევე გათვალისწინებულია მოთამაშეთა ამჟამინდელი ფორმა და ბოლოდროინდელი შედეგები იმ მეტოქეებთან, რომლებთანაც მატჩებია ჩასატარებელი.
იმავე ანალიზით ირკვევა, რომ მილანის „ინტერის“ შანსი, გააბათილოს „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა და მოიგოს ჩემპიონატი.
ნეაპოლის კლუბი იტალიის ჩემპიონი ისტორიაში სულ ორჯერ გახდა – 1986/87 და 1989/90 წლების სეზონებში. მაშინ „ნაპოლიში“ ლეგენდარული დიეგო მარადონა გამოდიოდა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო, შესაძლოა „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდეს.
კლუბის ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს შესაძლო შემცვლელად არგენტინელის კანდიდატურას განიხილავს. თავად სპეციალისტი ამ პოსტის ხელახლა დაკავების წინააღმდეგი არ არის.
პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014 წლის ზაფხულიდან 2019 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა.
ცნობილი გახდა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა ბრაზილიელი ნეიმარის სხვა კლუბში უფასოდ გადასვლის ვარიანტი განიხილოს.
პარიზელები მზად არიან ასეთი ნაბიჯი გდადადგან ბრაზილიელის დიდი ხელფასის გამო. ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ჩელსია“, რომლის მფლობელი ტოდ ბოული, რამდენიმე დღის წინ პარიზში „პსჟ“-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბრაზილიელის ტრანსფერი გახლდათ.
თავდამსხმელის ამჟამინდელი ხელშეკრულება პარიზელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ბრაზილიის ნაკრებს კი დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს. ეროვნულ გუნდს რამონ მენეზეში გაწვრთნის.
ის ბრაზილიის ნაკრებს 25 მარტს, მაროკოს ნაკრებთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში უხელმძღვანელებს. რასაკვირველია, ეს დროებითი არჩევანია და ბრაზილიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება.
რამონს მენეზეშს სამშობლოში არაერთ გუნდში აქვს ნამუშევარი, ამჟამად კი ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ავტორი