მედიის წარმომადგენლები, პარლამენტში, ბიუროს დარბაზთან უცხოური გავლენის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი ბიუროს სხდომაზე შესულ დეპუტატებს მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონი.
მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში ბანერების შეტანის საშუალება არ მისცეს, ამიტომ ისინი პროტესტს გამოხატავენ ფურცლებზე ამობეჭდილი შემდეგი შინაარსის ტექსტებით: “სიმართლის გეშინიათ”, “სოზარ, შენც აგენტი ხარ”, “არა, რუსულ კანონს”, “თქვენ თვითონ ხართ უცხოური აგენტები”, “კობახიძე და პუტინი კანონზე: “ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ” – პუტინი, “მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ” – კობახიძე”.
როგორც” ნეტგაზეთის” რედაქტორმა თაზო კუპრეიშვილმა განაცხადა, “ეს არის რუსეთის დაკანონების მცდელობა საქართველოში” და ფიქრობენ, რომ ამის განხორციელება სურს “ქართულ ოცნებას” “ხალხის ძალის” ხელით.
“რუსეთშიც ასე დაიწყო თავიდან, შემდეგ გადავიდნენ ამ ორგანიზაციების აკრძალვაზე და ყველას, ვისაც აგენტის სტატუსი მიანიჭეს, დღეს ან გაქცეულია ქვეყნიდან, ან დაჭერილი ან დახურულია ეს ორგანიზაციები. მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ჰგონია, რომ ეს დღეს არ ეხება, დღეს შეიძლება დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დახურონ, მაგრამ ხვალ ნებისმიერ მიდგებიან. კომიკური ის არის, რომ თვითონ სოზარ სუბარს ათეულ ათასობით ლარი აქვს მიღებული, უცხოური ორგანიზაციებისგან, სოროსის ფონდში, რადიო თავისუფლებაში მუშაობდა. ისეთი რამის დემონიზაციას ცდილობენ, რასაც თვითონ აკეთებდნენ წლების წინ”, – განაცხადა კუპრეიშვილმა.
ბიუროს სხდომა შეძახილების – “არა რუსულ კანონს” ფონზე მიმდინარეობს.