რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, აცხადებს რომ თუ უკრაინაში ომს წააგებენე, რუსეთი დაიშლება და აღარ იარსებებს. მან პოსტი Telegram-ზე გამოაქვეყნა და ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.
მისი მტკიცებით, ამერიკამ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში ყველაზე მეტი ომი დაიწყო. მედვედევი ამბობს, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ კრემლს აქვს უფლება დაიცვას თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვულით.
“ცნობილი გამოთქმის პერიფრაზისთვის, ბაიდენმა ვარშავაში თქვა: „თუ რუსეთი შეაჩერებს თავის შეჭრას, ის ახლავე დასრულდება. თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე სულ სხვაა.
თუ რუსეთი გააჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, რუსეთი არ იარსებებს, ის ნაწილებად დაიშლება. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება”, – წერს მედვედევი.
მედვედევმა სასაცილო უწოდა ბაიდენის სიტყვებს, რომ აშშ არ აპირებდა და არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას.
მედვედევი კვლავ იმეორებს ნარატივს, რომ აშშ არის “მტრული სახელმწიფო, რომელიც სიძულვილს გამოხატავს” რუსეთის მიმართ.